“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს.
ორგანიზაციის ცნობით, იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული.
მათ შორის, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, ლიცენზიები მიიღეს მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც.
„37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2 485 931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოა”.
წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე 26 კომპანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არის ჩართული და მათ ჯამში, 757 566 585 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ მიღებული,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში საუბარია ასევე, იმ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებზე, ვინც ლიცენზიანტ კომპანიებთან არიან დაკავშირებული:
ბიჭიკო პაიკიძე, ვანის საკრებულოს წევრია პარტია “ქართული ოცნებიდან”. იგი ფლობს შპს B.P.TRANS-ის 100% წილს. ბიჭიკო პაიკიძემ პირადად 2016 წელს 12,000 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მისმა კომპანიამ, შპს B.P.TRANS-მა კი 2019-2021 წლებში 26 226 116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბიჭიკო პაიკიძეს ახლო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან (იგი პაიკიძის შვილის ნათლიაა) და ეს აღწერილია ჟურნალისტურ გამოძიებებში;
2014-2023 წლებში 31 562 630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული კიდევ ერთ ლიცენზიანტ კომპანიას - შპს “ჯორჯიან ენერჯის”, რომლის 100%-ს დღეს ფლობს ზვიად ჩხობაძე, თუმცა ვიდრე ამ კომპანიას ის სრულად განკარგავდა, მანამდე მისი პარტნიორი ამავე კომპანიაში ბიჭიკო პაიკიძე იყო; ზვიად ჩხობაძემ 60 000 ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” 2016 წელს;
ერთ-ერთი მსხვილი შემყიდველი კომპანია გახლავთ ა(ა)იპ “ასოციაცია ატუ”, რომლის დირექტორმა და გამგეობის წევრებმა - როსტომ ჩაბრაძემ, ეთერ დემინაშვილმა და ბიჭია დემეტრაშვილმა ჯამურად 168 000 ლარი შესწირეს “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას. ასოციაცია “ატუ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. ამ კომპანიის გამგეობის წევრი ეთერ დემინაშვილი 2017 წლის სექტემბრამდე ფონდი “ქართუს” გამგეობის წევრი იყო, დღემდე კი სს “ქართუ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. “ატუს” 2013-2021 წლებში მიღებული აქვს 3 613 464 ლარის სახელმწიფო შესყიდვები;
ტეშენიტის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “როუდ ქონსტრაქშენს”. ამ კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სახით მიღებული აქვს 38 586 588 ლარი. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. მათგან მხოლოდ ერთი - 34% წილის მფლობელი გიორგი გოგიბერიძეა პოლიტიკური პარტიის შემწირველი. მან 2012 წელს 60 000 ლარი შესწირა მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამავე კომპანიის 33% წილის მფლობელი, ვაჟა ფანჩულიძე 2014-2015 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო;
მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”, რომლის ამ გზით მიღებული შემოსავალი არის 446 673 239 ლარი. კომპანიის მეწილე, გიორგი კალანდაძე (25%) ამავდროულად არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას პარტნიორი შპს-ში “ძველი დედაქალაქი”;
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “კავკასენერგოს”, რომლის 100% წილის მფლობელს, გიორგი მოლაშხიას 100 000 ლარი შეუწირავს მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის და 28 226 116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. გიორგი მოლაშხიას ბიზნეს-პარტნიორი სხვა კომპანიაში (შპს “ტრანს სერვის”) არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე. იგი “პატრიოტთა ალიანსის” სიით გახდა დეპუტატი.