წელს პირველად, ხონში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.
"პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთად დაუვიწყარი შემოქმედებითი საღამო გამართეს- იმღერეს, იცეკვეს, მოეწყო ფერების ფესტივალი, შეკრებილ საზოგადოებას უმღერა გიორგი ცხადაძემ და მისმა ბენდმა, დაუკრა დიჯეი გიგა პაპასკირმა, სკოლადამთავრებულებმა სურვილები ფერად ბუშტებს გაატანეს,"-აცხადებენ ხონის მერიაში.
მეთორმეტეკლასელებს სცენიდან მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ:
"წელს შევქმენით პრეცენდენტი და ჩვენს ქალაქში ასე მასშტაბურად აღვნიშნეთ ბოლო ზარი. ძალიან ბევრმა ადამიანმა იზრუნა, რომ ლამაზად და საინტერესოდ მოეტანა ეს დღე თქვენთვის. მადლობა მინდა ვუთხრა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარიკა რუხაძეს, ქორეოგრაფებს, ახალგაზრდულ საბჭოს, ყველა ორგანიზატორს, ტელეკომპანია მეგა- ტვ-ს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
ჩემო მეთორმეტეკლასელებო, ზრდასრულობა, ახალი თავგადასავლები, საპასუხისმგებლო წლების ათვლა დაიწყო. გილოცავთ! გისურვებთ წარმატებებს, ნათელ და ბედნიერ მომავალს! ჩვენი ხვალინდელი დღე და საუკეთესო მომავალი თქვენია,"-განაცხადა მერმა.
ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.