წყალტუბოს სოფელ ყუმისთავში, ჯორმაღალოს უბანში ცხრა ოჯახიღა ცხოვრობს, ჯამში 30 ადამიანამდე და ისინიც წასასვლელს ეძებენ. მიზეზი მცოცავი მიწა და მეწყრის შიშია. ადგილობრივებმა, წელს შეამჩნიეს, რომ მიწამ მოძრაობა დაიწყო. ყუმისთავშია ყველასთვის ცნობილი პრომეთეს მღვიმე, რაც ნიშნავს, რომ სოფელი კარსტულ ზონაში მდებარეობს.
მიწამ რომ ცოცვა დაიწყო და ხალხმა განგაში, მერიამ გეოლოგები გაგზავნა ტერიტორიის შესამოწმებლად. გეოლოგები სოფელში მერის წარმომადგენელმა, მერაბ სულაბერიძემ მიიყვანა, თუმცა, ვინ იყვნენ ეს გეოლოგები ან საიდან, ვერ გვითხრა. ხალხს კითხეთ, მაგათ უნდა ჰქონდეთ დასკვნა, მე არ მაქვსო, ასე გვიპასუხა.
“გეოლოგები იყვნენ ხუთი თვის წინ და დადეს ასეთი დასკვნა: მეწყრული ზონაა ნომერ პირველიო, რასაც ჰქვია. აქ რაღაც ძაბრი არისო, ეს გამოსაკვლევია და უნდა სპელეოლოგებიო. ამ სპელეოლოგებს, რა ვიცი, ვინ მოიყვანს? მე ვეძებ ასე, სადაც კი რამეს წავეწევი, ყველგან ვკითხულობ”, – გვითხრა ნატო შალამბერიძემ, რომელიც სოფლის ქუჩის დასაწყისში შეგვხვდა და მცოცავ მიწამდე გზის გაგნებაში დაგვეხმარა.
სპელეოლოგების მოყვანას ადგილობრივებს სოფელში მერის წარმომადგენელი და მერიაც დაჰპირდა. თუმცა, სპეციალისტები ჯერ ადგილზე არავის უნახავს. მოსახლეობა მერიაში ორი კვირის წინაც იყო. მაშინ უთხრეს, სპეციალისტები შვებულებაში არიანო. სამაგიეროდ, მერიამ გზა მოხრეშა და წყლისთვის ახალი არხი გაჭრა. გზაც, წყაროც და არხიც მცოცავმა მიწამ შთანთქა.
ყუმისთავში რომ რაღაც ხდებოდა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2020 წელს გაიგო. მაშინ აქ გაზსადენის მილები გაჰყავდათ და კვლევისთვის შპს “გაზმშენი” დაიქირავეს. კომპანიის მიერ მომზადებულ საინჟინრო-გეოლოგიური პირობების 17-გვერდიან ანგარიშში წერია, რომ სოფელში საჰაერო გაზსადენის მოწყობაა რეკომენდირებული. აქ კირქვული ნიადაგია, რეგიონი კარსტული წარმონაქნებითაა სავსე და ერთ-ერთ ყველაზე დიდ კარსტულ რეგიონს წარმოადგენს საქართველოში, ამიტომ შესაძლებელია კარსტული პროცესების გააქტიურებაცო.
“თავიდან რომ დამონტაჟდა [გაზი], ყველაფერი იდეალურად იყო. ახლა მიწის დაცურებისგან არის ასე. აქაც არხი იყო და აი, ესეც დაცურდა. ეს ეკლის ხეები ყველა სწორად იდგა, მაგრამ მიწა რომ ცურავს, ყველა წვება. აქ სასმელი წყალი გვქონდა და შეივსო, გადმოუარა მიწამ”, – დაგვათვარიელებინა მიშა შალამბერიძემ მისი ეზო-გარემო.
ადგილობრივებს არც გაზი აქვთ, აღარც გზა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მცოცავი მიწა აშინებთ.
ყუმისთავში დაწყებული მეწყრული და კარსტული პროცესების კონტროლი და მონიტორინგი საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს ევალება. ადგილობრივი მთავრობები სიტუაციის შესასწავლად სწორედ სააგენტოს მიმართავენ ხოლმე. სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ სოფლის მდგომარეობის შესწავლა წყალტუბოს მერიას მათთვის არ უთხოვია. სააგენტოს ბაზაში ამ საკითხზე რაიმე მიმართვა ან მოთხოვნა არ ფიქსირდებაო, გვითხა ნატა სულუაშვილმა, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.
“ვიკითხე, რა უნდა გავაკეთო-მეთქი და წვიმიანი რომ იქნება, უნდა მოერიდოთ სახლში ყოფნას ამ ეტაპზეო, სანამ გეოლოგები მოვლენ და დადებენ დასკვნასო, გამგებელმა გვითხრა. მერე, რასაც გადაწყვეტენ, იმას ვიზამთო. მერე გეოლოგი მოვიდა, დაიარა, გადაიღო სურათები, აგერ ჩაგლეჯილია მიწები. გზის გაკეთება თქვეს, მაგრამ გზა რით უნდა გაკეთდეს? ეს მიწა რომ მოდის, გული მისკდება. წვიმა რომ მოდის, ასე მგონია, მიწაც წამოვა. არხი გაგვიკეთა გამგებელმა, მაგრამ ეს მიწა ისევ ცოცავს, ცოცავს, არხი ვიწროვდება, ხეც წაიქცა, გზა ისევ ჩავარდა’’, – სწუხს ნატო შალამბერიძე.
სოფელში გეოლოგები კი იყვნენ, მაგრამ მერე მერიამ რა გადაწყვიტა მათ დასკვნაზე დაყრდნობით, უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს არაერთი წერილი დაწერეს და სხვადასხვა უწყებაში გაგზავნეს. ითხოვენ გეოლოგებისა და სპელეოლოგების ჩამოყვანის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. მდგომარეობის პირველადი შეფასებიდან 5 თვე გავიდა, მაგრამ ჯერ არც პასუხი აქვთ, სად წავიდნენ წვიმის დროს და არც არავინ გამოჩენილა, ვინც დაზუსტებით ეტყვით რაიმეს.
დავურეკეთ მერის წარმომადგენელს სოფელში, მერაბ სულაბერიძეს. გვითხრა, ბიუჯეტის შედგენაზეა ჯორმაღალოში მაცხოვრებლების ბედი დამოკიდებულიო. თუმცა, საერთო ჯამში, თავადაც არ იცოდა, როგორ და როდის გადაწყდება ეს საკითხი.
“მე, როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელი, ვამოწმებ, მატება ხომ არ არის. სავარაუდოდ, გასამაგრებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ. სპეციალისტებს რომ საგანგაშო მდგომარეობა დაედგინათ, იქნებოდა საგანგაშო მდგომარეობა’’, – გვითხრა სულაბერიძემ.
წყალტუბოს მერიას დავურეკეთ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს, ნათია გახოკიძეს ვთხოვეთ, გაერკვია, გეოლოგების დასკვნა რა რეკომენდაციებს გასცემს და ეპასუხათ იმაზეც, რას უპირებენ ამ ადამიანებს. ინტერვიუზე უარი გვითხრეს და გახოკიძემ გვთხოვა, წერილი გამოგზავნეთ, რომელსაც 10 სამუშაო დღეში ვუპასუხებთო.
ამის შემდეგ დავურეკეთ წყალტუბოს მერიის ადმინისტრაციის, ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს, რადგან ეჭვი გვქონდა, რომ ნათიას მათთვის ამ ამბავზე არაფერი უკითხავს.
იასონ გაბუნიამ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გვითხრა, მსგავსი რეკომენდაცია ან დასკვნა, რაც მე აქ ვარ, ჩემთან არ შემოსულაო. გაბუნია ამ თანამდებობაზე 2022 წლის 27 აპრილიდან მუშაობს.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ნადარეიშვილმა გვითხრა, ეგ ამბავი შესაბამის სამსახურთან მოკითხეთო. ვკითხეთ, რომელი იყო შესაბამისი სამსახური. გვითხრა, საჭესთან ვარ და ახლა მაგას ვერ გეტყვითო.
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჩხეიძემ ჩვენს ზარს საერთოდ არ უპასუხა. მოსახლეობა ამბობს, რომ განცხადება წელს მის სახელზეც დაწერეს და წესით, ეს ამბავი უკვე უნდა იცოდეს.
იმედია, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ყუმისთავში მცხოვრებ 30 ადამიანს სათანადო ყურადღებას მიაქცევენ და ახალ ტრაგედიას გადავურჩებით. თორემ მერე ისე ვეღარ გამოვა, როგორც შოვისა და ნერგეეთის შემთხვევაში – მთავრობამ რომ ბუნებას დააბრალა ყველაფერი და თავად ხელი დაიბანა.
აი ფაქტი