შიმშილობა დაიწყო უვადოდ და პრინციპულად-რა ხდება ჭიათურაში?

საპროტესტო აქციის 116-ე და შიმშილობის მეხუთე დღე ჭიათურაში.
ადგილზე, პროტესტის ნიშნად, ოთხი ადამიანი შიმშილობს. ერთმა მათგანმა უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ასევე, შიმშილობს ციხეში მერაბ სარალიძეც.
როგორც გაფიცული მაღაროელები ამბობენ, შიმშილობა დაიწყო უვადოდ და პრინციპულად.
“12 ივნისს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა — მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობდა.
შიმშილობის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა: ბიჭების გათავისუფლება პატიმრობიდან. მანამდე არ შეწყდება არც შიმშილობა, არც პროტესტი. პირიქით, ბევრად მასიურ ფარგლებში გადავა.
ამავდროულად, არც დასაქმებულების მდგომარეობაა მისაღები: არ არსებობს შრომითი კონტრაქტები, არ არის გარანტიები, არ არის დაცული ღირსეული პირობები. ამასთან, კომპანიას სამთვიანი სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი,”-აცხადებენ მოშიმშილეები.
ცნობისთვის, ციხეში მყოფ 4 ადამიანს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმას ედავებიან.