ჭიათურის სოფელ შუქრუთში მიმდინარე მოსახლეობის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საია განცხადებას ავრცელებს.
"11 აპრილს, საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 40-ზე მეტი დღეა აპროტესტებს კომპანია ,,ჯორჯიან-მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი საცხოვრებელი გარემოსა და საკუთრებისათვის მიყენებულ ზიანს.
ადგილობრივებმა 2024 წლის მარტში მიმართეს კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სახელმწიფო სპეციალურ მმართველს ბესიკ კირთაძეს, ასევე, მიმართეს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების თაობაზეც. სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები კოლექტიურ განცხადებაში უთითებდნენ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე, აცხადებენ, რომ კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო მათ საკარმიდამო ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, დაზიანდა და დღემდე ზიანი ადგება მათ საცხოვრებელ გარემოს, სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულ ეკლესიას და საფლავებს.
ხაზგასასმელია, რომ შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. 2020 წლის 23 თებერვალს მაღაროს ბლოკირება დაიწყო სოფელ ითხვისშიც, სადაც ადგილობრივები, შუქრუთელების მსგავსად, თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
1. პროტესტი გაგრძელდა ასევე 2021 წელს, როდესაც სახელმწიფოსა და აღნიშნული კომპანიის მხრიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების იგნორირების გამო სამმა ადგილობრივმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.2
მაცხოვრებლები უთითებენ, რომ 2021 წლის პროტესტის შედეგად კომპანია ,,ჯორჯიან-მანგანეზსა“ და ადგილობრივებს შორის მიღწეულ შეთანხმებას კომპანია დღემდე არ ასრულებს. კონკრეტულად, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ადეკვატური ოდენობისა და მისი აღსრულების პირობების განსაზღვრა. შუქრუთელების მითითებით, ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული აუდიტორული შეფასებები არ ასახავს რეალურ ზიანს, ხოლო თავად ექსპერტიზის ჩატარებას ვერ ახერხებენ.
შესაბამისად, 2021 წელს პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმებაც შეუსრულებელი რჩება.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ღამეს კარავში ათევენ კოროხნალის მაღაროსთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ მათ მუდმივი და გაუსაძლისი ხმაურის ფონზე უხდებათ პროტესტის გამოხატვა. მათი განცხადებით პროტესტის დაწყებიდან მესამე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მაღარო არ ფუნქციონირებს, აამუშავეს დანადგარი, რომელიც ხმას გამოსცემს და მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის. შესაბამისად, მაცხოვრებელთა აზრით, ეს მათი პროტესტის ჩახშობის/ხელშეშლის ერთ-ერთი მცდელობაა.
ამ ეტაპამდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ, მათ შორის, არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავშირებიან.
არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს შუქრუთში არსებული კრიზისული ვითარება, იტვირთოს აქტიური როლი და აღმოფხვრას ის სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველია.
მოვუწოდებთ:
- საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განმცხადებლებს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
- ადგილობრივ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე პროტესტით, და საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედოს იქ მაცხოვრებელთა საკუთრების უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით,"-ნათქვამია განცხადებაში.