“მოძრაობის წესები უნდა გამკაცრდეს იმ დონეზე, რომ სიჩქარის მომატებაზე ყველამ უარი თქვას”-ქუთაისში მოძრაობის წესების გამკაცრებას ითხოვენ

ქუთაისში მოქალაქეები მოძრაობის წესების გამკაცრებას ითხოვენ. საუბარია აღმაშენებლის, ახალგაზრდობისა და ირაკლი აბაშიძის გამზირებზე. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აღმაშენებლის გამზირზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ქუთაისელი პედიატრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ექიმი ქვეითად მოძრაობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
“მაგ გზაზე დროა გამკაცრდეს ზომები: განათება, სიჩქარის შეზღუდვა, ჯარიმა, კამერები… იქნებ უშველოს რამით და მომავალი მსხვერპლი მაინც დავიცვათ! შიშით ვეღარ გადასულხარ ქუჩაზე, თან რამდენიმე დღის წინ მივდიოდი ჩაბნელებული იყო, ძლივს გადავედი მეორე მხარეს”;
“აღმაშენებლის ქუჩა არის საშინელება. დღეში 4-ჯერ მაინც მიწევს მანდ სიარული. გიჟებივით დაქრიან მანქანები, ციმციმას არსებობა უცხოა ზოგისთვის საერთოდ. ღამის მონაკვეთი და წვიმიანი ამინდი უარესი, ამიტომ რომ იცი, რომ ზებრააა, შეანელე ადამიანო. მეორე უკიდურესობაა ქვეითები, რომლებიც საიდან გადმოგიხტება, არ იცი. ვიაროთ ნელა!!! სიჩქარეზე დიდი მტერი არ არსებობს!!!”;
“განათება, სიჩქარის შეზღუდვის კამერები, ყველანაირი ზომა უნდა იქნეს მიღებული თუ რამ არსებობს, რომ უსაფრთხო გახდეს გადაადგილება. ნუთუ ასე რთულია ამის მოგვარება? სად ვცხოვრობთ, სად ხდება ამდენი ფატალური შემთხვევა”;
“აღმაშენებელზე, საღორიაზე და პარლამენტის მიმდებარედ საშინელი მდგომარეობაა”;
“მთელ ქალაქში, გზებზე საშინელი განათების გამო მართლა ძალიან დაბალი ხილვადობაა ღამით და თითქმის არ ჩანს ქვეითი, მითუმეტეს მუქ ტანსაცმელში”;
“აღმაშენებელზე ნამდვილად სრული განუკითხაობა ხდება და თანაბრად სცოდავენ როგორც მძღოლები, ასევე ქვეითებიც. ძალიან იშვიათად მხვდება, რომ ქვეითი მანდ ზუსტად ზებრაზე გადადიოდეს”;
“ისე მოულოდნელად და გაუფრთხილებლად გადმოირბენენ ხოლმე ბავშვიანებიც კი სრულიად უადგილო ადგილას, რომ გული გაგისკდება ადამიანს”;
“მძღოლები რომ თავაშვებულად დაჰქრიან და დასაშვებ სიჩქარეს ყურადღებას არ აქცევენ, ეგ ისედაც ფაქტია, მაგრამ მხოლოდ მძღოლები არა, ქვეითებიც საშინლად მოძრაობენ და ამაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, კარგი იქნება”;
“მოძრაობის წესები უნდა გამკაცრდეს იმ დონეზე, რომ სიჩქარის მომატებაზე ყველამ უარი თქვას!! სამწუხაროა ისიც, რომ სანამ ტრაგედია არ დატრიალდება, მანამდე არავინ რეაგირებს, ყველა მის ჭკუაზე დადის და არღვევს წესებს, რომელიც არ ესმის მძღოლების უმრავლესობას! ასე სიარული არც კარგი ქალობის დამადასტურებელია და არც კაცობის! სამწუხაროა, სად გყავს ასეთი პროფესიონალი ექიმები დასაკარგი?ყველამ რომ ვიფიქროთ ერთმანეთზე და არა საკუთარ თავზე, ასე არ მოხდება. საცობში მოთმინების გრძნობა, რომ არ გადავახტეთ ერთმანეთს, ზებრაზე შენელება რომ პატივი ვცეთ ქვეითებს, ნუთუ ასე რთულია? საფრთხის შემქმნელი მოქმედებებისგან ნუთუ არ შეიძლება თავის შეკავება? ძალიან რთულია ამ რეალობის ყურება”.