ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. სასწავლებელი პირველად მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს. ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ
სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში 2004 წელს შეიქმნა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები საკმაოდ მრავალფეროვანი და ფართოა. იგი ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს სრულად დაუფინანსებს FIM პროგრამაზე სწავლის გადასახადს. დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენშიგაიარონ. სასწავლო პროცესი წარიმართება სტუდენტებზე მორგებული მოქნილი გრაფიკით და უკვე დასაქმებულ სტუდენტებს ხელი არ შეეშლებათ სამუშაო პროცესსა და სტაჟირებაში.
"რაც შეეხება დასაქმების
შესაძლებლობას, მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებშიც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს მიმართულებებია: ფინანსური სექტორი, ფინ-ტექ სექტორი და სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესი, ციფრულ-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბიზნესი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულება და მრავალი სხვა, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია,"-აცხადებენ სასწავლებელში.
KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო. დღეისათვის სასწავლებელს 1200-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს. სტუდენტები შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს ეუფლებიან: კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა; მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა. აღსანიშნავია, რომ სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ხოლო უნივერსიტეტის მიზანია გახდეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჰაბი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.