რეკლამა

სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთის ბაღებსა და სკოლებში კვების ბლოკებს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთის ბაღებსა და სკოლებში კვების ბლოკებს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. სააგენტოს უფროსმა ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ  იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა დასაძლევად მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვების ბლოკები, რადგან საქმე მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, ტარდება ლაბორატორიული კვლევა.  მიმდინარე წელს დაგეგმილია სასმელი წყლის 850 სინჯის აღება“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. 

სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხიც, რაც სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და უფასოა; თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში კვლავ გამოწვევად რჩება მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რაც ყველა შესაბამისი უწყების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

რაც შეეხება მცენარეთა დაცვის მიმართულებას, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ერთობლივ, შეთანხმებულ საქმიანობას, რათა მოსახლეობამ სრულად და შეუფერხებლად  ისარგებლოს იმ სერვისებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. 

გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე  სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები