„თუ გვინდა, რომ კრიმინალებმა არ გადაწყვიტონ არჩევნების და ჩვენი ბედი, უკან უნდა დავტოვოთ შიში, მათ დავუპირისპირდეთ და კანონის ფარგლებში, მთელი სიმკაცრით პასუხი ვაგებინოთ“
„ქართულ ოცნებასა“ და მათი დაკვეთით მოქმედ კრიმინალებს მოქალაქეები უპირისპირდებიან. პავლე ფუტკარაძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია, ყველა იმ მეწარმისა თუ ბიზნესმენის სახელით მოქმედებას გეგმავს, რომელთაც კრიმინალები ატერორებენ, ხელისუფლების დასახმარებლად საარჩევნოდ თანხების გაღებას თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ღიად მოქმედებას სთხოვენ. ფუტკარაძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში შტაბი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლები მცირე თუ დიდი ბიზნესების მფლობელ პირებს კონსულტაციებს უწევენ და მათ დახმარებას ცდილობენ. საუბარია იმ ბიზნესმენებზე, რომელთაც ხელისუფლების სახელით მოქმედი კრიმინალები აშანტაჟებენ და მათი დავალებების შესრულებას აიძულებენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან და კრიმინალებისგან დევნილი პავლე ფუტკარაძე ახალი ამბების სააგენტო „ტოპნიუსს“ იმ მიზეზებზე ესაუბრება, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება აიძულა.
„15 წლის ვიყავი, როდესაც მართლა ბნელ 90-იან წლებში, ოჯახის სამი წევრი დავკარგე და უცებ გავიზარდე. რამ შეიწირა 23 წლის ბიძაჩემის, 42 წლის მამაჩემის და ჩემი 17 წლის ძმის სიცოცხლე? იმან, რომ მამამ, რომელიც ტექბიუროში საპასუსისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, არ ჩაიდინა უკანონობა, კრიმინალების მოთხოვნით არ დაამზადა ყალბი საბუთი, რაც მათ კიდევ უფრო მეტ ძალას და მეტი ხალხის გამწარების უფლებას მისცემდა. დედაჩემი და მე ისეთ დღეში ვიყავით, რომ ახლობლებმა თავისთან წაგვიყვანეს და გარკვეული პერიოდი იქ გვაცხოვრებდნენ, რომ ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი ჯანმრთელობა ერთდროულად დაეცვათ“.
ბატონო პავლე, გულწრფელად ვწუხვართ თქვენი ოჯახის მძიმე ისტორიის გამო, თუმცა ჩნდება კითხვა: 90-იან წლებში, წლების წინ მომხდარ ტრაგედიას დღეს რა საერთო აქვს იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც თქვენ მიიღეთ?
ჩვენს ქვეყანაში, დღესაც ისეთივე ძალაუფლება აქვთ კრიმინალებს, როგორიც 90-ან წლებში ჰქონდათ-როცა კრიმინალები ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებდნენ, საკუთარ მოქალაქეებს აშანტაჟებდნენ, იტაცებდნენ და მათ სიცოცხლეს არაფრად აგდებდნენ. დღეს კრიმინალების სურვილზეა დამოკიდებული, შენი ბიზნესი იმუშავებს თუ გაგაჩერებენ და საარსებო წყაროს გარეშე დაგტოვებენ. 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და ქვეყანამ განვითარება დაიწყო, ყველა მოქალაქემ იგრძნო საკუთარ თავზე, რას ნიშნავს კეთილდღეობა და როდესაც ხელისუფლება შენზე ზრუნავს. თბილისში ვცხოვრობდი ჩემს ოჯახთან ერთად და ჩემი ბიზნესები მქონდა. სწორედ ამიტომ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, რომ ბიზნესი დაცული იყო, არავინ გვაწუხებდა. ის კრიმინალები, რომლებიც 90-იან წლებში ქვეყანას და მის მოქალაქეებს ძარცვავდნენ და ატერორებდნენ, ან ციხეში მოხვდნენ ან კიდევ იძულებულები გახდნენ რუსეთისთვის შეეფარებინათ თავი და საქართველოში ვერ ჩამოდიოდნენ. ვის არ ესიამოვნება სიმშვიდე, დაცულობა, ბიზნესის კეთება და წარმატება ყველა სფეროში? სამწუხაროდ, დღეს იგივე ხდება, რაც 90-იან წლებში ხდებოდა. კრიმინალები ისევ ატერორებენ ბიზნესებს, დევნიან ოპოზიციონერებს და ოპოზიციის მომხრეებს. ყველა არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდში თუ არჩევნების დღეს სიტუაციას კრიმინალები მართავენ. სწორედ ეს არის ჩემი პროტესტის მიზეზი. ჩემს ქვეყანაში მე დაუცველად ვგრძნობ თავს, რადგან მაკავებენ უკანონოდ. 2013 და 2016 წელს, ორჯერ სცადეს ჩემი დაჭერა არარსებული, აბსურდული მიზეზებით, თითქოს ნარკოტიკი მქონდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ ოპოზიციაში და ვაკრიტიკებ ხელისუფლებას მათი უმოქმედობის გამო. 2012 წლიდან ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური წევრი, მანამ ვიყავი პარტიის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი.
ბატონო პავლე, თქვით, რომ იწყებთ მასშტაბურ ბრძოლას კრიმინალების, მათი დანაშაულებების გამოსავლენად და ასევე დაასახელებთ ხელისუფლების იმ პირებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეებში ფიგურირებენ. რა საქმეებზე და დანაშაულებებზეა საუბარი?
ვიდრე უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ დროებით მომიწია ქვეყნის დატოვება. ვიმყოფებოდი ესპანეთში, სადაც ქართველი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის კლანი აკონტროლებს სიტუაციას. სწორედ ტარიელ ონიანი იყო, ვინც სათავეში ედგა ჩემი ოჯახის განადგურებას. რაც იქ მე ვნახე, ეს იყო კოშმარი. კანონიერი ქურდები ამუშავებენ ემიგრანტებს. უხდიან კაპიკებს და სხვა, უზარმაზარი შემოსავალი იძულებით მიაქვთ თითქოს კანონიერი ქურდებისთვის შესაწირად. ასევე, ფულს სთხოვენ სხვა ემიგრანტებსაც. თუ ვინმე წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს, მას სიცოცხლის და ოჯახის წევრების მოსპობით ემუქრებიან. მე გავაპროტესტე მათი ეს საქციელი, რის გამოც საზღვარგარეთ ჩემი ყოფნა უკვე საშიში იყო და ამიტომ ქვეყანაში დავბრუნდი. მე ჩემს საკუთარ სახლში, ქუთაისში, გავხსენი შტაბი, სადაც ვიღებთ და ვუსმენთ ყველა იმ მეწარმეს, ბიზნესმენს თუ აქტივისტს, ვისაც კრიმინალები ემუქრებიან, აშანტაჟებენ და ფულს ან უკანონო დავალებების შესრულებას თხოვენ. მე ვაპირებ ყველა ეს საქმე შევკრა, მოვიძიო ინფორმაციები. რა თქმა უნდა, დამჭირდება თქვენი, ჟურნალისტების აქტიური ჩართულობაც, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად გაშუქდეს. ასევე, დავასახელებთ ხელისუფლების იმ პირებსაც, რომლებიც პირადად მე მაშანტაჟებდნენ და ანალოგიური მეთოდებით მოქმედებენ სხვებთანაც.იძულებული გავხდი ახალი ადვოკატი ამეყვანა, რადგან ადვოკატს, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ჩემს ინტერესებს, კრიმინალები დაუპირისპირდნენ და ადვოკატი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მე ასევე მივმართე არასამთავრობო ორგანიზაციას-„ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული დახმარების საერთაშორისო ცენტრს“. მე ვიცი რა მძიმეა მუქარა, ტერორი, იძულება, ოჯახის წევრების დაკარგვა და ცოცხლად გარდაცვალება. ამიტომ, ვაპირებთ, ყველა შემთხვევა გამოვიტანოთ სააშკარაოზე. 2024 წელს ჩვენს ქვეყანაში გადამწყვეტი არჩევნები მოდის და არც ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი.
თუ გვინდა, რომ კრიმინალებმა არ გადაწყვიტონ არჩევნების და ჩვენი ბედი, უკან უნდა დავტოვოთ შიში, მათ დავუპირისპირდეთ და კანონის ფარგლებში, მთელი სიმკაცრით პასუხი ვაგებინოთ. ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, უარი თქვას კრიმინალების დახმარებაზე და ხალხის სამსახურში ჩადგეს.

















