TOPNEWS » "მალე დაგამთავრებთ ქართველი ხალხი,"-რაში ამხელს "ოცნებას" და კრიმინალებს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი?

"მალე დაგამთავრებთ ქართველი ხალხი,"-რაში ამხელს "ოცნებას" და კრიმინალებს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი?

---
"მალე დაგამთავრებთ ქართველი ხალხი,"-რაში ამხელს "ოცნებას" და კრიმინალებს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი?

კრიმინალების მფარველობით და კრიმინალებთან თანამშრომლობით ქვეყნის სათავეში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების  მიმართ პრეტენზიას სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს. „ოცნებას“ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ ოპონენტებიც. 

საინფორმაციო სააგენტო Top-news.ge-ს ახალგაზრდა მამაკაცი, ნიკა ბასილაძე დაუკაშირდა. ნიკა საქართველოში ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და პარტიის ახალგაზრდული ფრთის საქმიანობას კურირებს. ის აქტიურად მონაწილეობდა აქციებში, სადაც მოქალაქეები ხელისუფლების შეცდომებს, კორუფციას, უმოქმედობას, მოქალაქეების წინაშე გაცემული დაპირებების შეუსრულებლობას  და ხელისუფლების მიერ რუსული რეჟიმისკენ აღებულ კურსს აპროტესტებდნენ.

ნიკა გვიყვება, რომ მისი მამა, ჯაბა ლოსაბერიძე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, მისი დავალებების შემსრულებელი და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია. ნიკას თქმით, ჯაბა ლოსაბერიძე წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საქმიანობდა. სწორედ კრიმინალური საქმიანობით შეძლო მან რუსეთში ქონებების დაგროვება, რის მმართველადაც ნიკას დანიშვნა, ნიკას რუსეთში საცხოვრებლად გადასვლა და თავად, საქართველოში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საქმიანობა სურდა. 

„მამაჩემი თვლის, რომ ის ხელისუფლებასთან ვალშია, რადგან რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეძლო. თქვენ კარგად იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კრიმინალები რუსეთში გაიქცნენ და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავდნენ. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი მათ კარი ფართოდ გაუღო და არა მხოლოდ დააბრუნა ქვეყანაში, არამედ მის სამსახურში ჩააყენა და შავი საქმეების შემსრულებლებლად აქცია. მამაჩემის სურვილი იყო, რომ მე და დედა საცხოვრებლად რუსეთში წავეყვანეთ. ამის გამო, ხშირი იყო კონფლიქტები ჩვენს შორის. მამა არც ჩვენს ფიზიკურ შეურაცხყოფას ერიდებოდა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ იძულებული გავხდით, დახმარება ადვოკატისთვის გვეთხოვა, ხოლო თავის გადასარჩენად დედას საქართველო დაეტოვებინა. მამა ამბობდა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ჭირდებოდა, მათ საარჩევნო პერიოდებში არჩევნების მოგებაში უნდა დახმარებოდა, მე კი რუსეთში უნდა წავსულიყავი და მისი კრიმინალური ბიზნესები მემართა. წლების განმავლობაში ვიყავი მისგან ფსიქოლოგიური წნეხის და ტერორის მსხვერპლი, რის გამოც ისე დამძიმდა ჩემი მენტალური მდგომარეობა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში დამჭირდა მკურნალობა,“-ამბობს ნიკა ბასილაძე. 

ნიკა ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა. ამბობს, რომ მამამისი გაღიზიანებას განსაკუთრებით მისი პოლიტიკური საქმიანობა იწვევდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯაბა ლოსაბერიძემ შვილს კატეგორიულად მოსთხოვა: ან „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა ან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ემუშავა და პარტიიდან ყველა ინფორმაცია მმართველი გუნდისთვის მიეწოდებინა. 

„რა თქმა უნდა, მამაჩემს ამ მოთხოვნაზე უარი ვუთხარი და იმის შიშით, რომ უარით გაბრაზებულს ჩემთვის რაიმე არ დაეშავებინა, გამოვუცხადე, რომ ჩვენი საუბარი ჩაწერილი მქონდა და თუ თავს არ დამანებებდა, ჩანაწერს ჟურნალისტებს მივაწვდიდი, რასაც დიდი ხმაური მოჰყვებოდა და „ქართულ ოცნებასთან“ და კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა დაეძაბებოდა. მამაჩემი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა, რომ მმართველ გუნდთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. მისთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი მონაწილეობა საპროტესტო აქციებში და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციებში. მე ვიყავი, ვინც დუმის დეპუტატის, გავრილოვის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი. მე და ჩემმა მეგობრებმა მოვაწყვეთ ფეხით  მსვლელობა სარფიდან რუსთავის ციხემდე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. მე ვიყავი, ვინც საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვცდილობდი, ხელისუფლების მიერ ამომრჩევლების დაშინების, მოსყიდვისა და გაყალბების ფაქტები საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გამეხადა. ამისთვის ბევრს ვშრომობდი, ღამეებს ვათენებდით, რომ არჩევნებზე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო და ჩვენი ქვეყანა კვლავ განვითარების ორბიტაზე გადასულიყო.


მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოწყობილი ფეხით მსვლელობის შემდეგ, დაიწყო ყველა იმ ადამიანის ტოტალური კონტროლი, ვინც მსვლელობაში ვმონაწილეობდით. დამიბარეს იმერეთის სამხარეო სამმართველოში, სადაც შემიყვანეს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, კოკა მაისურაძის კაბინეტში.  მომთხოვეს, რომ შემეწყვიტა პოლიტიკური აქტივობები. თუ ასე არ მოვიქცეოდი, გამივრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ვიყავი სექსუალური უმცირესობის წევრი. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე  ფაქტობრივად გარეთ ვერ გამოვიდოდი, გავხდებოდი ბულინგის და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, რადგან ჩვენს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობები საზოგადოებისათვის მიუღებელია. მათ თავს ესხმიან და კლავენ კიდეც. ძალიან გამამწარა და გამაბრაზა ამგვარმა მუქარმა. ვერ ვეგუებოდი იმას, რომ სახელმწიფო, სისტემა ამგვარი მეთოდით ებრძოდა იმ ადამიანებს, რომელთა მხარეს სიმართლე იყო. იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რომ პოლიციელებს უარი ვუთხარი მათი მოთხოვნის შესრულებაზე,“-ამბობს ნიკა ბასილაძე. 

მისი თქმით, რადგან მამასთან, ჯაბა ლოსაბერიძესთან კონფლიქტები არ სრულდებოდა და მამა შვილის გადაბირებაში უკვე სისტემის ჩართვას ცდილობდა, მათ შორის მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვას იწვევდა. როგორც ნიკა ამბობს, მამისთვის ცდილობდა აეხსნა, რომ მას თავისი ცხოვრება ჰქონდა და მუქარების ფონზე, მამასთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტდა. როგორც ნიკა განმარტავდა, რუსეთისა და რუსული კურსის მოყვარული „ქართული ოცნების“ მიმართ განსაკუთრებული აგრესია ჰქონდა, რადგან მისი თქმით, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მწარედ ახსოვს, როგორ ცდილობდა მამა რუსეთში იძულებით მის წაყვანას, როგორ არ ეთანხმებოდა დედა და როგორ სცემდა უმოწყალოდ უარით გაბრაზებული მამა საკუთარ ცოლ-შვილს. 

„როცა მამას შვილის მიმართ სითბო და სიყვარული უნდა გამოეჩინა, მამაჩემი მე და დედას სასტიკად გვექცეოდა. იმის გამო, რომ მე და დედა მას რუსეთში არ წაყვევით და მე მამაჩემის კრიმინალურ საქმეებში არ ჩავერთე, ამის გამო საკუთრმა მამამ დამსაჯა და მე და დედას ელემენტარულ საარსებო ფულს არ გვაძლევდა. დღეს კი მამაჩემი ისევ იმისთვის, რომ კრიმინალურ სამყაროში პოზიციებს არ ჩამოშორდეს და „ქართული ოცნების“ პრივილეგიებით სარგებლოდეს, ყველა გზით ცდილობს მისი შვილის, ჩემს დაჩაგვრას. იმდენად არ ჰქონდა დასასრული მისი მხრიდან მუქარებს და შევიწროვებას, რომ მამაჩემს მოვატყუე, თითქოს მისი ყველა მუქარის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი მქონდა, სადაც კარგად ჩანდა, „ქართული ოცნების“ სახელით თუ როგორ ითხოვდა ჩემგან „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ყველანაირ ინფორმაციას.

რატომ მოვედი თქვენთან? მე ორი პატარა შვილი და მეუღლე მყავს. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩემი ვალია. ამდენი შიშისგან, სტრესისგან და დაძაბულობისგან უკვე ისეთ დღეში ვარ, რომ ვგრძნობ, მსგავს პირობებში ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ. ჩემს დღეში კიდევ რამდენი ადამიანია, ოპოზიციური პარტიის რამდენი მხარდამჭერი იტანჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი საქმიანობა კრიმინალებისა და ხელისუფლების მოწონებას არ იმსახურებს. რამდენს აშანტაჟებენ და ცდილობენ საქმეს ჩამოაშორონ. მე დავიწყე სამართლებრივი მოქმედებები ჩემი უფლებების დასაცავად. მინდა მივმართო ხელისუფლებას და მის მონა-მორჩილ კრიმინალებს: იცოდეთ, მალე მოვა დრო, როდესაც ორივე წახვალთ ამ ქვეყნიდან, ქართველი ხალხი ორი მხარეს გაგისტუმრებთ ზუსტად თქვენ საყვარელ რუსეთში და პირობას გაძლევთ, უკან ვეღასდროს დაბრუნდებით. რად გინდათ ისეთი ძალაუფლება, რომელსაც ხალხის დაშინებისა და ჩაგვრის გარეშე ვერაფრით და ვერასდროს მოიპოვებთ? მალე დამთავრდებით და მალე დაგამთავრებთ ქართველი ხალხი და აუცილებლად გასამართლება მსგავსი უკანონობების ხელშემწყობი ყველა პირი,“-ამბობს ნიკა ბასილაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu