შაორის წყალსაცავის წყლის დონე მნიშვნელოვნად არის დაწეული. ამის ამსახველი ფოტომასალა ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდება.
შაორის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი შემცირების მიზეზებზე BM.GE კომპანი "ეპ ჯორჯია გენერაციის" დირექტორთა საბჭოს წევრ ლევან საჩალელს ესაუბრა. მისი განმარტებით, წელს, წყალსაცავში წყლის დონის დაწევა იმიტომ გახდა შესამჩნევი, რომ წინა წლებთან შედარებით, ამ სეზონზე ნაკლები ნალექი მოვიდა. ლევან საჩალელი ამბობს, რომ გაზაფხულზე წყალსაცავი თავიდან შეივსება.
„შაორის წყალსაცავი არის ენერგეტიკული დანიშნულების. ის ამარაგებს შაორჰესს, რომელიც მის ქვემოთ [ტყიბულში] მდებარეობს. წყალი, რაც წლის განმავლობაში იქ გროვდება ხოლმე, ვიყენებთ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ბოლო პერიოდში, ნალექის სიმცირის გამო მოხდა წყლის დამუშავება საპროექტო ნიშნულის ფარგლებში. წყალსაცავი ბოლომდე დაცლილი არ არის, შესაძლებლობა კიდევ აქვს. თუმცა ეს პრობლემა არ არის, წყალსაცავი ისევ აივსება წყლით. ძირითადად, მისი გავსება ხდება მოსული თოვლის დნობის შედეგად. აკუმულირებას ვახდენთ ყოველი წლის გაზაფხულზე, ახალი არაფერია. ეს თანმდევი პროცესია. ზოგადად რომ განგიმარტოთ, ყოველ წელს, შაორის წყალსაცავზე წყლის ცვლილება სტაბილურად ხდება, უბრალოდ ეს არ ჩანს, რადგან მოსული ნალექის შედეგად წყალსაცავი სწრაფად ივსება, ხოლო წელს, ნაკლები ნალექის გამო დარჩა წყალი დაბალ დონეზე. წყალსაცავში ასევე ჩაედინება მდინარე შარეულა და კიდევ რამდენიმე პატარა მდინარე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წყალსაცავის დამუშავება ამ ნიშნულამდე ბოლოს 2018 - 2019 - 2020 წლებშიც მოხდა, თებერვლის თვეში, თუმცა ეს შესამჩნევი არ იყო, რადგან მაშინ თოვლის დნობის პერიოდი დაემთხვა და წყალსაცავი თავისთავად აივსო“, - განმარტა ლევან საჩალელმა და დასძინა, რომ შაორის წყალსაცავი ამ დონეზე რამდენიმე წლის წინაც იყო, თუმცა გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ ისევ აივსო.
ლევან საჩალელის განმარტებით, მიუხედავად წყლის სიმცირისა, შაორჰესის მუშაობას პრობლემა არ ექმნება.