ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში იმ სამი ქალბატონის შესახებ წერს, რომლებიც ქუთაისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ.
"გუშინ მწვანე ბაზრის იმ კუთხეში, სადაც მუდამ საუკეთესო ხილეული იყიდება, უჩვეულო სიჩუმე იდგა. გვერდიგვერდ ორ დახლს და მესამესაც - მოპირდაპირე მხარეს- ხილზე მუშამბა ჰქონდა გადაფარებული. მათი პატრონები ღამით ვიღაც თავგასული, მთვრალი მძღოლის მსხვერპლი გახდნენ.
- ისეთი ლამაზი საღამო გაუტარებიათ ამ საწყლებს, მერე სახლში ტაქსით წასულან და... - გაოგნებული ყვებოდა ერთ -ერთი ქალბატონი,- ვისი დაბადების დღეც იყო, ეგერ, იმ მაღაზიაში მუშაობს ის გოგო, ტირის და ტირის, მოთქვამს.. მთელი ბაზარი ამ დღეში ვართ. ვაიმე, ჩვენი თაიზა! ვაიმე, ნანა! ვაიმე, დოდო!..
მთელი ქუთაისი ამ საშინელ ტრაგედიაზე ლაპარაკობს, ყველაზე მძიმედ კი მწვანე ბაზარი განიცდის - ეს სამი, უწყინარი ქალბატონი ხომ წლების მანძილზე მუშაობდა აქ.
წამიერად შეწყდა სამი სიცოცხლე, წამიერად გაფრინდა სამი ოჯახის იმედი და სიხარული....,"-წერს ნანული ცხვედიანი.