ვანდალიზმი ჭიათურაში, "საშევარდნოს“ კლდეზე. ქალაქზე გადმოსახედის კეთიმოწყობილ სივრცეში დაზიანებულია დეკორატიული სანათები, ჩამსხვრეულია სანათის შუშები, გატეხილია ძელსკამები და სანაგვე ურნები, რომლებიც გადაყრილია ხევში.
"დაზიანებულია კვების ბლოკი, რომელიც სკვერში ელექტროენერგიის მიწოდებასა და განათებას უზრუნველყოფს. აგრეთვე, გამოირთო ქალაქის თავზე დამაგრებული მეტალის კონსრუქციის წარწერა-„ჭიათურა ჩემი სიამაყეა“.
მწყობრიდან გამოსულია სამეთვალყურეო ვიდეოკამარების ჩამწერი ბლოკები და წაღებულია აპარატურასთან დაკავშირებული ყველანაირი ტექნიკური აღჭურვილობა,"-აცხადებენ ჭიათურის მერიაში.
"სამწუხაროა ვანდალიზმის ის ფაქტი, რაც ჭიათურლების და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთ საყვარელ სივრცეში, „საშევარდნოს“ კლდეზე არსებულ ქალაქის გადმოსახედზე მოხდა, იმ ადგილას- საიდანაც ქალაქის შთამბეჭდავი პანორამული ხედები განსაკუთრებულად მიმზიდველად იშლება.
არ ვიცი, ამას ადამიანების რა კატეგორია ჩადის. არც ის ვიცი, რა ვუწოდო მათ. ძალზე მტკივნეულია, მიზანმიმართულად ასე დააზიანო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამშვენებს შენს ქალაქს და ასე მოსწონს მოსახლეობას. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ასეთი ფაქტები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და არც დარჩება,"-განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.