ხარაგაულის სოფელ ვაშლევში ახალი სკოლა გაიხსნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ ხარაგაულის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად გახსნა.
სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა – პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.
ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის თანამედროვე სასწავლო გარემოს. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – დამონტაჟებულია ლიფტი, სპეციალური სანიტარული კვანძები და პანდუსი.
პროექტის ღირებულება 2 300 000 ლარამდეა და მისი ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, მისი პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მარინა ვეფხვაძე.