ვანში აუცილებლად სანახავ ადგილს ანტიკური ვანის გვირგვინი, განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი, ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანესი საგანმანალებლო-კულტურული ცენტრი წარმოადგენს.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა, ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.
მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უნიკალური ექსპონანტები. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში შეიქმნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან.
არსებობს მეცნიერთა და მკვლევართა დასკვნა იმის შესახებ, რომ თვით ქალაქი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქალაქის ნანგრევებზეა გაშენებული, რაზეც მოწმობს უნიკალური აღმოჩენები და არტეფაქტები – ძვ.წ I საუკუნის შუახანით დათარიღებული განძი : ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ნივთები, რომელიც დიდი ოსტატობითაა დამზადებული. აქვე შეხვდებით ბრინჯაოს და რკინის იარაღებს, საეკლესიო და სარიტუალო ჭურჭელს, ქვევრებსა და სხვადასხვა მითოლოგიური არსებების მინიატურებს. ექსპონანტებში მრავლადაა ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, რომლებიც თავისი სინატიფითა და მშვენიერებით აოცებენ დამთვალიერებელს.
2007 წლიდან ვანის ანტიკური ნაქალაქარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, 2019 წელს დასრულდა მისი სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ვანის მუზეუმი გახდა საუკეთესო ამიერკავკასიის რეგიონში.
მსოფლიოში ,,ოქრომრავალი კოლხეთი’’-ს სახელით ცნობილი გამოფენის ყველა ექსპონანტი მოპოვებულია ვანის ანტიკური ნაქალაქარის გათხრების შედეგად, დიდი ნაწილი დაბრუნდა მუზეუმში.
მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის ოც მილიონიანი დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში ახალ შენობაში მოწყობილია ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
არქეოლოგიური მუზეუმი ვანის სავიზიტო ბარათია და ის ყველაზე მიმზიდველი ადგილია მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის.