წყალტუბოში "ბოლო ზარი 2026" გაიმართა
წყალტუბოში საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა ღონისძიება „ბოლო ზარი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დელეგატი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მისასალმებელ სიტყვაში მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქვეყნის განვითარების მთავარი ძალაა. მისი თქმით, სწორედ ახალგაზრდების ცოდნა, პროფესიონალიზმი და თანამედროვე ხედვები ქმნის საზოგადოების წინსვლისა და წარმატებული მომავლის საფუძველს. მერმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და დასახული მიზნების შესრულება უსურვა.
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი საკონცერტო ნომრებით წარდგნენ. ღონისძიება საზეიმო და მხიარულ გარემოში გაგრძელდა, სადაც ახალგაზრდებისთვის სპეციალური მუსიკალური პროგრამა დიჯეი "კრისტალმა" წარმოადგინა.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.





