რეკლამა

ავთანდილ ფაილოძე "საუკეთესო მუზეუმელად" დასახელდა

ავთანდილ ფაილოძე "საუკეთესო მუზეუმელად" დასახელდა

11 სექტემბერს, საქართველოს მუზეუმელთა მეორე ასამბლეა გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად  საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2023 წლის "საუკეთესო მუზეუმელად" ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე ავთანდილ ფაილოძე დასახელდა.

ის არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მონოგრაფია, არის ორი ისტორიული ხასიათის რომანის ავტორი. 

ავთანდილ ფაილოძის მონაწილეობით, 1986 წელს ხონთან ახლოს, დრამატურგიის კლასიკოსის - პოლიკარპე კაკაბაძის - მემორიალური მუზეუმი მოეწყო. მას აგრეთვე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ალექსანდრე წულუკიძის სახლ-მუზეუმის შექმნაში, 1997 წელს კი მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი შეიქმნა და ის დღემდე ამ მუზეუმის გამგედ მუშაობს. 2001 წელს ავთანდილ ფაილოძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები