TOPNEWS » მთავარი თემა » ეკონომიკის მინისტრი ნამახვანჰესის მშენებლობას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრი ნამახვანჰესის მშენებლობას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრი ნამახვანჰესის მშენებლობას გეგმავს

მე ძალიან კარგად ვიცი იმ ჰესის შესახებ და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ [ნამოხვანიჰესის] პროექტს დააბრუნებს - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, "იმედის" დებატებში “ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრის ლევან ლორთქიფანიძის კითხვას, იცის თუ არა ნამოხვანის ჰესის კონტრაქტის დეტალები.

იქამდე, მარიამ ქვრივიშვილმა ლორთქიფანიძეს მიმართა:

"თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახსოვს, რომ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის მშენებლობას და იგივე ადამიანი დღეს გვაკრიტიკებს, რატომ არ არის ქვეყანაში იაფი ენერგორესურსები".

სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა ლორთქიფანიძის კითხვა, რა იცის მარიამ ქვრივიშვილმა ჰესის პროექტზე. მინისტრს არ უთქვამს მეტი დეტალი, როგორ და რა ფორმით იგეგმება ნამოხვანის პროექტის დაბრუნება.

"ნამოხვანჰესზე გააფორმეს ხელშეკრულება ისე, რომ არავის არაფერი უთხრეს, მერე მოგვიანებით მოსახლეობამ პროტესტი რომ გამოთქვა, ორჯერ სპეცრაზმი მიაგზავნეს და მერე გამოცხადდა იქ თქვენი კოლეგა, [ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრი] ნამდვილი "დიფსთეითი" ვინც არის, ნათია თურნავა. ყველაფერი დაგეგმილი რომ ჰქონდათ მერე დაუწყო ადამიანებს საუბარი ამ პროექტის ავზე და კარგზე", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

bm.ge ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი კითხვებით დაუკავშირდება, როგორ და რა ფორმით გეგმავს ქვრივიშვილის უწყება ჰესის პროექტის განახლებას და რა ეტაპზეა სამუშაო ამ მიმართულებით.

ნამოხვანჰესის გარშემო არსებული მრავალწლიანი პროცესი, რომელიც ერთ დროს ქვეყნის უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტად მიიჩნეოდა, ამჟამად საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში გრძელდება. დავა, რომელიც ადგილობრივთა პროტესტით დაიწყო, ახლა პარიზის სააპელაციო სასამართლოსა და საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს შორის მოექცა.

კომპანია „ენკამ“ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება 2019 წელს გააფორმა. პროექტი რიონის ხეობაში ორი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

თუმცა, ხელმოწერიდან მალევე, „ნამოხვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობა შეხვდა. ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ჯგუფები და აქტივისტები ხეობაში თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციებს. პროტესტის მონაწილეები მიუთითებდნენ როგორც ეკოლოგიურ საფრთხეებზე, ისე ხელშეკრულების კაბალურ პირობებზე, რაც ინვესტორისთვის მიწების 99 წლით გადაცემასა და ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას გულისხმობდა.

2021 წელს „ენკამ“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. კომპანია მიუთითებდა სხვადასხვა დარღვევასა და პროექტის შესრულების ფაქტობრივ შეუძლებლობაზე.

სამართლებრივი დავა 2022 წელს გადავიდა აქტიურ ფაზაში, როდესაც „ენკამ“ საარბიტრაჟო ტრიბუნალს მიმართა. ინვესტორი ითხოვდა კომპენსაციას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანისა და იმ აქტივების ღირებულების ასანაზღაურებლად, რომლებიც პროექტის ფარგლებში უკვე გადაცემული ჰქონდა.

2024 წელს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას კომპანიის სასარგებლოდ 400 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ამის შემდეგ, კომპანია „ენკამ“ პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რათა მიეღო გადაწყვეტილების აღიარება და მისი აღსრულების უფლება საფრანგეთის ტერიტორიაზე. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფომ ეს ნაბიჯი გაასაჩივრა: ოფიციალური თბილისი ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას და პარალელურად, აღსრულების პროცესის შეჩერებას, ვიდრე საბოლოო სამართლებრივი ვერდიქტი არ დადგება. პარიზის სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, იქამდე, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ თურქულ კომპანია ENKA-ს წინაშე წაგებულ საარბიტრაჟო საქმეზე განხილვა და არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, არ მოხდება ENKA-ს სასარგებლოდ ICC-ის არბიტრაჟის განაჩენის შესაბამისად, დაკისრებული კომპენსაციის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან, სასამართლომ საქართველოს მთავრობას აღნიშნული კომპენსაციის არც გამოუხმობ ესქროუ ანგარიშზე განთავსება არ დააკისრა, რასაც ENKA ითხოვდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu