ეკრძალება თუ არა სკოლის მასწავლებელს მოსწავლეების მომზადება?
მასწავლებელს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის, სკოლის გარეთ რეპეტიტორობის უფლება არ ეზღუდება, თუმცა თუ პედაგოგი რეპეტიტორია კონკრეტულ ტრენინგ-ცენტრსა თუ მოსამზადებელ ცენტრშიც, მას ამ საქმიანობისთვის სკოლის დირექტორის წერილობითი თანხმობა დასჭირდება.
განმარტება კერძო რეპეტიტორობის თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 9 ნოემბერს გააკეთა.
მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა.





