ჭიათურაში მაღაროელები ქალაქის გასასვლელების ჩაკეტვას გეგმავენ

ჭიათურაში მაღაროელები პროტესტს აგრძელებენ.
როგორც მაღაროელები ამბობენ, ისინი გეგმავენ აკონტროლონ ქალაქის გასასვლელები, რათა ჭიათურიდან მარგანეცი არ გავიდეს. მაღაროელები არ იზიარებენ “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებას, მომავალი თვიდან წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით.
“რაც შეეხება ჩვენს პროტესტს: უკვე 53-ე დღეა, ჩვენ უწყვეტ პროტესტში ვიმყოფებით. ჩვენ 24‑საათიანი მორიგეობის რეჟიმში ვდგავართ და ვზღუდავთ, რომ ერთი კილოგრამი მარგანეცი არ გავიდეს ჭიათურიდან.
მეგობრებო, ეს ბრძოლა ჩვენია! თითოეული ჭიათურელის თამამად და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროტესტის გადატეხვა პირდაპირ პროპორციულია ჭიათურის დამარცხების. ჭიათურისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის სწორი ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვდგამთ — ჭიათურის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენი, თითოეული მოთხოვნაც სრულიად ჭიათურის კეთილდღეობაზეა მორგებული.
ხვალიდან თითოეული თქვენგანის ჩართულობა აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად ვაკონტროლოთ ჭიათურის გასასვლელები. ბრძოლა დაწყებულია და აუცილებლად თითოეული ჭიათურელის გამძლეობით უნდა დასრულდეს. ეს არ არის ერთეულების ბრძოლა ან ბავშვური ახირება — ეს ყველაფერი ჩვენს ლამაზ ჭიათურას ჭირდება.
დაუშვებელია, ერთი ინვესტორის ხელში იყოს ამდენი სიმდიდრე და ქალაქი სარგებლის მაგივრად ნადგურდებოდეს. ჩვენი მოთხოვნები არ ეხება მხოლოდ წარმოებაში დასაქმებულების კეთილდღეობას — ის მთლიანად ქალაქისა და აქ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოს ჩართულობას, რათა მივიღოთ მყარი გარანტიები, რადგან კომპანიამ დაკარგა ჩვენი ნდობა და მისი ინტერესი მხოლოდ ერთია — რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღება, თუნდაც ქალაქის განადგურების ხარჯზე.
ნუ აყვებით პროპაგანდას, ნუ მოინუხებით კომპანიის ზღაპრული შეთავაზებებით; მითუმეტეს, რომ წარსული გამოცდილება გვიჩვენებს — არაერთი დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა. გავერთიანდეთ, მეგობრებო — პროცესი მასშტაბურია და აუცილებლად ჭიათურის გამარჯვებით უნდა დასრულდეს,”-აცხადებენ მაღაროელები.