რაჭაში წელს 1500-2000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში, შპს „იწის მარანში“ იმყოფებოდა, სადაც რთველისათვის მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ღვინის საწარმო 2019 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით შეიქმნა. „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის” თანადაფინანსება 600,000 ლარია. კომპანია, ასევე სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით „ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა“ და პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმო, რომელიც წლიურად 12 სახეობის 30,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, ღვინოს სამარკო ნიშნით „ბიმბილი“ ყიდის.
“რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია, მოსავლის დაბინავება მომავალი კვირიდან დაიწყება ქვეყნის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მეღვინეობის რეგიონში - რაჭაში. წელს რაჭაში 1500-2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. რთველი რაჭაში, ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდება, ამისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი რესურსები, ყველა მევენახე შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. წელს რეგიონს კიდევ ერთი ადგილწარმოშობის ღვინო "რაჭა" დაემატა, ეს ხაზს უსვამს ამ მხარის უნიკალურობას და მის წვლილს ქვეყნის მეღვინეობის დარგში, რომლის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.