29 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული აღინიშნება
29 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია.
ამაღლება ეს არის საოცარი დღე, დღე როდესაც უფალმა მამობრივი იმედი დაუტოვა მოციქულებს და მთელ კაცობრიობას.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფები და ლოცვის დროს ამაღლდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც.
გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა:
„მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“
ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს ყველას, – უფალი ჩვენთანაა და არასოდეს არ მიგვატოვებს.





