ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ტრადიციად ქცეული ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებელები, კადეტები და ლიცეუმში დასაქმებულ პირთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
კადეტებს სიტყვით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართა. სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობაზე.
„ტრადიციად ვაქციეთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება - უკვე მეხუთედ აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან საღამოს. რა თქმა უნდა, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების მთავარი მამოტივირებელი ძალა კადეტები და მათი ინტერესებია. კადეტებო, ყოველი ნაბიჯი მიმართულია თქვენი წარმატებისა და მოტივაციისკენ.
ნაძვის ხის ანთება სიმბოლურად გვახსენებს იმედს, სიმტკიცესა და ძალას, იმ ღირებულებებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სამხედროებისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის.
კადეტებო, შემართებით, შეუპოვრად და მტკიცე ნაბიჯებით უნდა იაროთ დასახული მიზნებისკენ. არასოდეს შეწყვიტოთ თვითგანვითარებაზე ზრუნვა - ეს არის თქვენი და ჩვენი ქვეყნის ძლიერების საწინდარი.
თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ და მშვიდობიან ახალ წელს!“
ნაძვის ხის ანთებამდე, კადეტებმა დამსწრე საზოგადოებას საუკეთესო საახალწლო განწყობა და წარმატებული მომავალი წელი უსურვეს. მათ საშობაო და საახალწლო მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს საღამო.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას მასწავლებელი ნინო გედენიძე ხელმძღვანელობდა.





