როდის დასრულდება თერჯოლის ნომერ პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია?
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან ერთად, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა.
თერჯოლაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე საერთაშორისო საზედამხედველო და საკონსულტაციო კომპანია EPTISA-ს წარმომმადგენელი.
სასკოლო საზოგადოებას, შეხვედრაზე, დეტალური ინფორმაცია გააცნეს სკოლის რეაბილიტაციის პროცესისა და სამუშაოების დასრულების ვადების შესახებ.
ასევე, გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს. ამასთან, დაწესდება გაძლიერებული მონიტორინგი და კონტროლი, რათა პროექტი დადგენილ ვადებში, ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დასრულდეს.
შეხვედრაზე როგორც კონტრაქტორ, ისე საზედამხედველო კომპანიას მიეცა სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, მათ შორის, ორივე მათგანს დაევალა სამუშაოების შესრულების ტემპის დაჩქარება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
გარდა ამისა, კონტრაქტორ კომპანიას სექტემბრის ბოლომდე მიეცა ვადა გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური განვითარების ფონდი განიხილავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების ამოქმედებას.
500 მოსწავლეზე გათვლილი თერჯოლის N1 საჯარო სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდს სარეაბილიტაციოდ გადაეცა 2024 წელს. სამუშაოს დასრულება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, სპორტული სივრცეები და კეთილმოწყობილი ეზო. ასევე სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები და განხორციელდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებები.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები და პედაგოგები განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.





