მონიკა გოგშელიძეს და მის მეუღლეს ბექა რუსაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი კამერების და მედიის ობიექტივში თითქმის არ ჩნდება, მათი ოპოზიციური საქმიანობა აშკარა დ თვალშისაცემია. მონიკა და მისი მეუღლე ქუთაისსა და თბილისში გამართული არაერთი საპროტესტო აქციის მონაწილე არიან. საარჩევნო პერიოდში ის და მისი მეუღლე კარდაკარის პრინციპით აქტიურად ხვდებიან მოქალაქეებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამასა და ხედვას აცნობენ.
მონიკა ასევე არის „ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული დახმარების საერთაშორისო ცენტრის“ გუნდის წევრი. როგორც იურისტი, ცდილობს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ძალადობის მსხვერპლ ქალებს მათი სამართლებრივი დაცვისა და ბრძოლის მექანიზმების შესახებ.
ახალი ამბების სააგენტო „ტოპნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ უყვარს მისი ცხოვრება და მისი საქმე, თუმცა წუხს იმის გამო, რომ ოპოზიციური საქმიანობის მიზეზით ის და მისი ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
ძალიან მინდოდა იურისტი ვყოფილიყავი, დამეცვა ადამიანები და დავხმარებოდი მათ ეპოვათ საკუთარი სიმართლე, არ გამხდარიყვნენ უსამართლობის მსხვერპლი.
იმის გამო, რომ მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ პარტიას და სრულიად შეგნებულად, გააზრებით ვართ მის გვერდით, ვიდევნებით და პრობლემებს გვიქმნიან საკუთარ ქვეყანაში. ჯერ ჩემი პროფესიით დასაქმება ვერ შევძელი. ყველგან იმას მეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციონერი ვარ, შემდეგ მამაჩემი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მამა ინჟინერია და ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში მუშაობდა.
განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი იყო ჩემთვის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შემოთავაზება, რომ ახლო ურთიერთობა მქონოდა მასთან, ვყოფილიყავი მისი ინფორმატორი, კონკრეტულად კი ჩვენი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციიდან ყველა ინფორმაცია მასთან მიმეტანა. მე თუ ამ ყველაფერს დავთანხმდებოდი, დამასაქმებდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურში და ვისარგებლებდი პრივილეგიებით.
-მონიკა საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, რაზეც თქვენ ახლა გვესაუბრებით....
დიახ, მძიმე ბრალდებაა, თუმცა ეს რეალობაა და მე ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ მაღალჩინოსნის კაბინეტში ამ „შეთავაზებას“ ვისმენდი. ცხადია, ამ ყველაფერზე მე უარი განვაცხადე, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსანმა თავი არც უარის შემდეგ დამანება. სამხახურიდან წამოსულს რამდენჯერმე დამხვდა გზაში და ცდილობდა მე დავეთანხმებინე მასთან ურთიერთობაზე. როდესაც ვერაფერს გავხდი, მე მას ვუთხარი, რომ ჩვენი საუბრის ჩანაწერი მქონდა და თუ თავს არ დამანებებდა, ჩანაწერს სოციალურ ქსელში გაგავრცელებდი. ამის შემდეგ, ჩემი მეუღლის სახლში ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ჩხრეკის მიზნით შემოიჭრნენ პოლიციელები. მათ სახლში არ ვუშვებდით, რადგან არ ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა, თუმცა კარი ჩამოხსნეს, რასაც ჰქვია და ისე შემოვიდნენ. ნერვიულობის ნიადაგზე ადგილზე გარდაიცვალა ჩემი მამამთილი. ეს იყო 2023 წლის მარტში.
-სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და დევნის შედეგები ასეთ მძიმე მასშტაბზე გადის. ამის შემდეგ რა ხდება? არ გიფიქრიათ შეგეწყვიტათ ოპოზიციური პოლიტიკური აქტივობა?
ამის შემდეგ მთელი ოჯახი საშინელ დღეში ვიყავით. დაგვეწყო შიშები. ერთი თვის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულზე, სამტრედიიდან ქუთაისში ვბრუნდებოდით და საჭესთან მე ვიჯექი, რადგან ბექა ცუდად გრძნობდა თავს, გზა მომიჭრა და საავარიო სიტუაცია შეგვიქმნა საპატრულო ეკიპაჟმა. საბედნიეროდ, არ დავიბენი, მოვახერხე მართვის შენარჩუნება და ავტომობილის უსაფრთხო გაჩერება. კითხვაზე, რას გვერჩოდნენ, პასუხი გაუგებარი იყო. რამდენიმე საათი ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. განსაკუთრებული აგრესიით ჩემი მეუღლის მიმართ გამოირჩეოდნენ. პატრული 8 ეკიპაჟი მოვიდა. რაში ჭირდებოდათ ასეთი მობილიზება, როდესაც ჩვენ წინააღმდეგობა არაფერზე გაგვიწევია. მე და ჩემი მეუღლე ვხვდებოდით, რომ ეს დევნის ნაწილი იყო. ყველა ხერხით ცდილობდნენ გავემწარებინეთ. ამიტომ, სრულიად უკანონოდ, მე და ჩემს მეუღლეს ადმინისტრაციული ჯარიმები დაგვიწერეს.
-მონიკა თუ სცადეთ თუნდაც იგივე მაღალჩინოსანთან გაგერკვიათ თქვენი და თქვენი ოჯახის დევნის საკითხი? ან მიგემართათ სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის?
ჩემი და ჩემი მეუღლის უკანონო დაჯარიმების საქმე სასამართლოში გავასაჩივრეთ. ავიყვანეთ ცნობილი ადვოკატი მარიამ ლევიძე, რომელიც გაუძღვა აღნიშნულ საქმეს. საქმეში იმდენი დარღვევა იყო პოლიციელების მხრიდან და ჩვენ ისეთი უტყუარი მტკიცებულებები წარვადგინეთ, საქმე მოვიგეთ სამივე ინსტანციაში და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა. ახლა ვიწყებთ ბრძოლის მეორე ეტაპს-გამოთხოვილი გვაქვს საქმის მასალები. ვესაუბრეთ ჩვენს ადვოკატს, ილია ჯანელიძეს, რომელიც დევნილი არის ჩვენი ქვეყნიდან. ის გვეხმარება, რომ ჩვენი ოჯახის რეპრესიების საქმე წავიდეს სტრასბურგში. ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი, რომ თავს დაესხას, შეავიწროვოს, დააშანტაჟოს და მოკლას კიდეც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. პოლიცია, რომელიც რეალურად უნდა გვიცავდეს, მათ უკანონო ბრძაბებებს ასრულებს. ამიტომაც მივდივარ სტრასბურგის სასამართლოში. ამ საქმესაც მოვიგებთ და მერე უკვე თქვენი საშუალებით დავასახელებ თითოეულ იმ მაღალჩინოსანს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების დაშინებას და მკვლელობას ჩვენს ქვეყანაში.
მე მინდა მივმართო ჩემს მდგომარეობაში მყოფ სხვა ადამიანებს: ვიცი, რომ ბევრნი ხართ და გეშიანიათ. არ შეშინდეთ. გავერთიანდეთ. ერთად დიდი ძალა ვართ და მარტივად ვერ მოგვერევიან.
აი ახლა მე თქვენ გეუბნებით: დამელოდეთ!