რეკლამა

რაჭაში ოჯახს ვენახიდან ერთი ტონა ყურძენი მოპარეს

რაჭაში ოჯახს ვენახიდან ერთი ტონა ყურძენი მოპარეს

რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ველიაშვილების ოჯახს ვენახიდან ერთი ტონა ყურძენი მოჰპარეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოჯახს, რომელიც ბუგეულში რთველზე ავიდა, ვენახში ყურძენი მოკრეფილი დახვდა.

ნინო ველიაშვილი ათი წელია ემიგრაციაშია. 5 წლის წინ მშობლიურ სოფელში მამაპაპისეული სახლის აღდგენა და იქ ვენახის გაშენება გადაწყვიტა.

სოფელი ბუგეული ხვანჭკარას მიკროზონად არის მიჩნეული. ნინო ველიაშვილმა და მისმა ოჯახმა ბუგეულში 3 500 კვადრატულ მეტრზე ორი ჯიშის ყურძენი – ალექსანდროული და მუჯურეთული დარგო. ჯამში 1 700 ძირი ვენახი.

„ნავენახარი იყო, გატყევებული ადგილი. ხუთი წლის განმავლობაში 50 ათას ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული. რადგან ემიგრაციაში ვართ, ნებისმიერ სამუშაოში, რაც ვენახს ეხებოდა, მუშებს ვქირაობდით და ფულს ვიხდიდით.

წელს პირველი მოსავალი უნდა აგვეღო. ველოდებოდით. იმდენი ყურძენი ესხა, ვფიქრობდით, რომ მინიმუმ ტონა ყურძენს მაინც მოვკრეფდით.

ჩემი სახლი ბუგეულის ცოტა ზემოთ დგას, სოფელ ქედისუბანში. ვენახი ბუგეულში გვაქვს, რადგან ხვანჭკარას მიკროზონაა და იქ მოდის ის განსაკუთრებული ჯიშის ყურძენი, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობს. კილოგრამი დაახლოებით 7-8 ლარად გაიყიდა წელს, როგორც ვიცი.

თითქმის ყოველდღე ნახულობდნენ ვენახს ჩემი ოჯახის წევრები. 5 სექტემბერს წავიდნენ ქუთაისში. ახლა შაბათს, 21 სექტემბერს ავიდნენ რთველზე და ვენახი გაკრეფილი დახვდათ.

180 კილო ძლივს მოკრიფეს, ისიც გზის მხარეს რაც იყო. ეტყობა გზიდან რომ არ შეემჩნიათ ქურდობის ფაქტი, იმიტომ დატოვეს ისიც.

მეზობლებმა კი გაგვაფრთხილეს, „დარაჯი აიყვანეთ, რადგან იპარავენ ყურძენსო“, მაგრამ ასე უცებ ვერავინ ვერ მოვიძიეთ, რადგან სოფელში ყველას თავისი ვენახი ჰქონდა სადარაჯო,“ – გვიყვება ნინო ველიაშვილი.

ნინო ამბობს, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მეზობლებს ესაუბრა და გაარკვია, რომ ყურძნის ქურდობა რაჭაში გახშირებულია. ამის გამო სოფლებში იძულებულნი არიან ან თავად უდარაჯონ 24 საათი ვენახს, ან ვინმე დაიქირაონ.

„ვფიქრობ, ყურძნის ქურდობა გამხდარია როგორც ერთგვარი ბიზნესი. მინივენებით დადიან თურმე ღამით. რადგან ვენახის მოკრეფა ოქროს მოპარვა ხომ არაა, შეხვიდე სახლში და უცებ გამოიტანო ნივთი. ამას სჭირდება დრო და ადამიანები, ვინც მოკრეფს. ჯგუფები მუშაობენ ამ ქურდობაზე. დარწმუნებული ვარ მთავრობამაც იცის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტმაც. შეუძლებელია ასეთი ამბავი ხდებოდეს მუნიციპალიტეტში და არ იცოდნენ. დარწმუნებული ვარ ისიც იცის ყველამ, ვინც აკეთებს ამას. არ მიგვიმართავს პოლიციისთვის. მე რომ მანდ ვიყო, აუცილებლად მივმართავდი, მაგრამ ჩემი ოჯახის ის წევრები, ვინც მანდ მყავს, არ არიან ისეთი აქტიურები, რომ ამ ამბავს მიყვნენ სამართლებრივად. გაისად კამერები უნდა დავაყენო ან გავყიდო ვენახი. ამდენი ათასი დავახარჯო და მოსავალი მომპარონ, ასე აღარ მინდა,“ – ამბობს ნინო.

ნინოს თქმით, მომხდარი ამბით იმედგაცრუებულია. რადგან უნდოდა ემიგრაციაში მყოფს მშობლიურ სოფელში რაღაც გაეკეთებინა და დაბრუნებისთვის ნიადაგი მოემზადებინა. მაგრამ ახლა აღარ იცის, როგორ მოიქცეს.

„ემიგრაციიდან მინდოდა ჩემს მშობლიურ სოფელში რამე გამეკეთებინა. სახლი და მარანი აღვადგინე. მინდოდა ტურისტული ზონა მომეწყო, პირველ მოსავალს ველოდი და აი, მომპარეს. ახლა ისე ვარ გამწარებული, შეიძლება მივაყიდო სულ. მე თუ ვიწვალე და ერთ ღამეში სხვამ დაკრიფა და ისარგებლა, მე რა ხეირი აქედან?

ერთადერთი თხოვნა მაქვს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, აქტიური რთვლის პერიოდში, რომელიც სექტემბრის სამ კვირას მოიცავს, სოფელში გააძლიერონ პატრულირება. თუკი პატრული ივლის, ქურდები ასე ადვილად ვერ გაბედავენ, რომ ვენახში შევიდნენ და მთელი წლის ნაშრომი მოიპარონ,“ – ამბობს ნინო.

netgazeti.ge


ტეგები:

Facebook - კომენტარები