„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში - ქუთაისის საკრებულო) 2023 წელს გაწეულ საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.
ძირითადი მიგნებები
ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წინა წლებისგან განსხვავებით, საჯარო ინფორმაცია არასრულად ან/და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით მოგვაწოდა. ამიტომ წარმოდგენილ კვლევაში რიგი მონაცემები სრულფასოვნად არ აისახა.
ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
ოდნავ გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე. საანგარიშო პერიოდში სულ 24 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 6 იყო რიგგარეშე;
საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 31 დადგენილება მიიღო. მათგან 25-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 6 დადგენილებისა კი - საკრებულოს თავმჯდომარე. ქუთაისის საკრებულოს 19 თანამდებობის პირიდან დეკლარაციები დარღვევით 5-მა თანამდებობის პირმა შეავსო.
2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას ოქტომბრის თვეში წარუდგინა, ხოლო საკრებულოს - ნოემბერში.
ქუთაისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, საბჭომ საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის შესახებ საკრებულოს და მერიას რეკომენდაციები წარუდგინა.
საანგარიშო პერიოდში შრომის ანაზღაურებაზე 1,521,640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49,024 ლარი მიიღეს;
2023 წელს ქუთაისის საკრებულომ 82,494 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 218,191 ლარი შეადგინა;
2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 26,943 ლარს მიაღწია. Საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოში არც ერთი პეტიცია არ ყოფილა წარდგენილი.