რეკლამა

"ევროპული საქართველოდან" წასულები ახალ პარტიას აფუძნებენ

"ევროპული საქართველოდან" წასულები ახალ პარტიას აფუძნებენ

1 აგვისტოს, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, ევროპული საქართველო დატოვეს. გიგა ბოკერიას განმარტებით, პარტიის გენერალური მდივნისთვის, აკაკი ბობოხიძისთვის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის, გიგი წერეთლისთვის და პარტიის პოლიტსაბჭოში მათი მხარდამჭერებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ არჩეული კურსიდან გადახვევა გადაწყვიტეს და "სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა". 

ორი დღით ადრე, 30 ივლისს ევროპული საქართველოს პრაიმერიზის შედეგების მიხედვით შეჯერებული 37-წევრიანი საპარლამენტო სია გამოქვეყნდა. ახლა დაზუსტებით ცნობილია, რომ ამ 37 ადამიანიდან სია და შესაბამისად პარტია 24-მა დატოვა.

ევროპული საქართველოს სიაზე უარი თქვეს გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ვახო კალოიანმა, გიორგი ნონიაშვილმა, ლიკა გახარიამ, თენგო კირთაძემ, შალვა ჯავახიამ, ელისო ფაჩუაშვილმა, მარიკა ჯიჯიეშვილმა, ამირან ძოწენიძემ, გიორგი სიხარულიძემ, ნინო თოდრიამ, მართა ქარდავამ, ზურაბ სადათიერაშვილმა, თეა კოტუამ, მამუკა ჭოხონელიძემ, ლექსო ბერიანიძემ, ვახტანგ დარცმელიძემ, ვასილ მათითაიშვილმა, დიმიტრი კუტუბიძემ, თორნიკე კობახიძემ, თამარ სუპატაშვილმა, ცოტნე პატარაიამ და სოფიო სიუკაევამ. აღსანიშნავია, რომ გარდა საპარლამენტო სიის წევრებისა, ევროპული საქართველო დამატებით პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრმაც დატოვა, მათ  შორის ოთარ კახიძემ, ნინო ორდენიძემ, ირა კოტუამ და სხვებმა. 

ასე გამოიყურება ევროპული საქართველოს საპარლამენტო სია მას შემდეგ, რაც ბოკერია-ჩერგოლეიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად პარტია დატოვეს

  1. გიგი წერეთელი
  2. აკაკი ბობოხიძე
  3. ლელა ქებურია
  4. ბესო დონაძე
  5. მარიამ ენუქიძე 
  6. კობა ზაქარეიშვილი
  7. ჰარუთიუნ ალექსანიანი
  8. დავით გოგისვანიძე
  9. მიხეილ გოგოტიშვილი
  10. თორნიკე დიასამიძე
  11. ეთერ ჯალაღონია
  12. შოთა მათითაიშვილი
  13. შორენა გარდაფხაძე

ევროპული საქართველოდან წამოსულები ახალ პარტიას დააფუძნებენ. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, "აუცილებლად გაგრძელდება ის საქმე, რაც ასე მოგწონდათ".

"[ნახავთ, რომ] საქმე ნომერში არ ყოფილა და საქმე იდეებში, შინაარსსა და ტექნოლოგიებშია" - აღნიშნა მან.


ტეგები:

Facebook - კომენტარები