ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო კურსს გერმანიაში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) გაივლიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო კურსს გერმანიაში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) გაივლიან.
სტუდენტთა მიუნხენში გამგზავრებისა და სასწავლო კურსზე დასწრების ხარჯებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ფარავს. სასწავლო პროგრამა 8 სექტემბერს დაიწყება.
საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები დაეუფლებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ტექნიკური და ონლაინ კომუნიკაცია, მოლაპარაკებების ტექნიკა და ლიდერობა. სწავლების ფორმატი მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, სიმულაციებს, როლურ თამაშებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მონაწილეებს რეალურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას შესძენს.
TUM-ში სასწავლო კურსს გაუძღვება KIU-ს მოწვეული პროფესორი ლუის სეკო (ტორონტოს უნივერსიტეტის მათემატიკური ფინანსების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი). ორი კვირის განმავლობაში, ქართველ სტუდენტებთან ერთად, ასევე, იმუშავებენ FIM პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტი და ამავე პროგრამის პროფესორი კრისტიან შმიტი.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული, „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)“სამაგისტრო პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია ხორციელდება. ეს არის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აერთიანებს ციფრულ ფინანსებს, მენეჯმენტს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს და მათემატიკას.
FIM სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. სწავლების პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.