რეკლამა

გამონაბოლქვზე ქუთაისში 1330 მძღოლი დაჯარიმდა

გამონაბოლქვზე ქუთაისში 1330  მძღოლი დაჯარიმდა

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. ამასთანავე, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში,  2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს.

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში,  6683 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. 

ყველაზე მეტი - 3177 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1330 - ქუთაისში, 1145 - ბათუმში,  1031 - ქალაქ რუსთავში. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6683 სამართალდამრღვევიდან,  5832 ფიზიკური პირია, ხოლო 851 - იურიდიული პირი.

"4142 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2256 - მიკროავტობუსის, 277  - სატვირთო ავტომობილის, 8 - ავტობუსის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,  სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. 

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge  საშუალებით,"-აცხადებენ დეპარტამენტში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები