ქუთაისის ბიუჯეტი 3,2 მილიონი ლარით იზრდება. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურულ მიმართულებას მოხმარდება. საუბარია 10 პროექტზე, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნულ საკითხი საკრებულომ რიგგარეშე მე-14 სხდომაზე დაამტკიცა.
"ცვლილებები შეეხება საბინაო ინფრასტრუქტურასაც. კერძოდ, ბიზნეს სექტორის მხრიდან გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში 6 თვეში სრულად შესრულდა წინასწარ დაგეგმილი 15 მილიონი ლარი და პრივატიზაციის მუხლი 5 მილიონი ლარით იზრდება. წლის ბოლომდე მიღებული ეს შემოსავალი სრულად მოხმარდება საბინაო ინფრასტრუქტურას.
განახლებული რეგიონების ფარგლებში, ძველი ისტორიული უბანი რეაბილიტირდება, რაც გზების, ფასადების და განათების სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს. სამუშაოების შედეგად კი ქუთაისის ისტორიული უბანი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ლოკაცია გახდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.