ქვესადგურ "წყალტუბოს" რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქვესადგურ "წყალტუბოს" რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კონტრაქტორი კომპანია BEST-ის საბჭოს წევრმა სერდარ უნსალმა და გენერალურმა მენეჯერმა რუჩან უჩოკმა ხელი მოაწერეს ქვესადგური „წყალტუბო 220“-ის გაფართოების სამშენებლო ხელშეკრულებას.

ქ/ს „წყალტუბო 220“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარეობს. ქვესადგური ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა. 2009-2014 წლებში  ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა ყველა ელექტრომოწყობილობა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი და ქსელის საიმედოობა. 

წყალტუბოს ქვესადგური ელექტროენერგიით სრულად ამარაგებს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებს. ქვესადგური ელექტროგადამცემი ხაზით „დერჩი“ „ლაჯანურჰესს“ უკავშირდება, ეგხ „სათაფლია 1,2“-ით - ქუთაისის ქვესადგურს, ხოლო ეგხ „სენაკი 1,2“-ით - მენჯის ქვესადგურს.

"პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს ქვესადგურში მოეწყობა ახალი, 220 კვ უჯრედი, რომლის აუცილებლობაც გამოიწვია ეგხ „დერჩის“ გაორჯაჭვიანების პროექტმა. პროექტის დასრულების შემდეგ, 500 კვ  ეგხ „წყალტუბო-ლაჯანურის“ გამორთვის შემთხვევაში, გაორჯაჭვიანებული ეგხ „დერჩის“ მეშვეობით ქსელში შენარჩუნდება ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის შეუფერხებლად მიწოდება. მნიშვნელოვნად გაძლიერდება დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და შესაძლებელი გახდება ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფა.

ქვესადგური „წყალტუბო 220“-ის გაფართოების პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით ხორციელდება. მისი ღირებულება 1 630 000 ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია BEST შეასრულებს, 2025 წელს არის განსაზღვრული.

აღნიშნული პროექტი  ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში მიმდინარეობს. ENIP საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  დაფინანსებას KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9.9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც გაიცემა KfW-ს მეშვეობით. 

ENIP პროგრამის ფარგლებში 2023 – 2028 წლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი,"-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები