სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკარგული ბიჭები-ფარჯიანი და გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს მათთან კონტაქტი გაწყდა.
კონტაქტის გაწყვეტამდე კი დაკარგულმა ახალგაზრდებმა ახლობლებთან დარეკვა და იმის თქმა მოასწრეს, რომ გზა აებნათ. მათ ოჯახის წევრებს ვიდოჩანაწერებიც გადაუგზავნეს, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ.