განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს-ინფორმაციას ამის შესახებ ფონდი თავად ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, უკვე განახლდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობა და დაიწყო ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.
“პროექტის ფარგლებში, დამუშავდა პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია. საპროექტო არეალი, დღეის მდგომარეობით, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია. ამორტიზებულია საფეხმავლო ბილიკები, დაზიანებულია პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები, პრაქტიკულად არ არსებობს პარკის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წყალი კონკრეტულ მონაკვეთებში გროვდება და იწვევს არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ფილებისა თუ სხვა ელემენტების დაზიანებას.
სპეციალისტების მიერ დამუშავებული რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოეწყობა.
პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო,”-ნათქვამია ფონდი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის დეტალებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, დენდროლოგებთან, ადგილობრვი ხელისუფლების და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.