რა შეცვალა წვიმამ სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში?
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ და ამ დროისთვის მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაში გადადის.
,,სოფელ კურსებში, საგანებო შტაბში მორიგი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. სპეციალისტების განმარტებით, წვიმის მიუხედავად, სტიქიის არეალი არ გაზრდილა. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. ვზრუნავთ მათი საჭიროებების მოგვარებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, ყველა სამინისტროს რომლებიც პირველივე დღიდან ჩართული არიან პრობლემების მოგვარებაში,“ - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შესაბამისი უწყებები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას, რათა მოსახლეობას დროულად გაეწიოს ყველა საჭირო დახმარება.
ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახის ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.





