მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნები დაამტკიცა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც დადგენილებიდან ირკვევა, ეს წესი არ ვრცელდება: საწარმოზე, სადაც 350-ზე ნაკლები კვერცხმდებელი ქათამია; ასევე საწარმოზე, სადაც ხორციელდება სანაშენე კვერცხმდებელი ქათმის გამოზრდა.
დადგენილების თანახმად, კვერცხმდებელ ქათმად მოიაზრება, Gallus gallus სახეობის ქათამი, რომელმაც მიაღწია მომწიფების ვადას და ინახება კვერცხის წარმოებისთვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისათვის.
მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, ყველა კვერცხმდებელი ქათამი უნდა შემოწმდეს მფლობელის ან ქათმებზე პასუხისმგებელი პირის მიერ დღეში ერთხელ მაინც. ხმაურის დონე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ყველა შენობას უნდა ჰქონდეს განათების საკმარისი დონე იმისათვის, რომ ყველა ქათამს შეეძლოს ერთმანეთის გარკვევით/მკაფიოდ დანახვა.
აღსანიშნავია, რომ დადგენილება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. თუმცა, დადგენილებით განსაზღვრული გარკვეული მოთხოვნების დაცვა, სხვადასხვა პერიოდიდან გახდება სავალდებულო. მაგალითად, კვერცხმდებელი ქათმებისთვის მოწყობილი საკვებურების, საწყურებელის, საბუდარის დადგენილებით განსაზღვრულ მოთოხვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2026 წლის 1-ლი ივნისიდან მოუწევთ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ბაზარზე ფუნქციონირებას დაიწყებენ 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ან ამ წესის დამტკიცებამდე ფუნქციონირებდნენ და აპირებენ რეკონსტრუქციას ან/და გაფართოებას. ხოლო იმ ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ბაზარზე ამ წესის დამტკიცებამდე ოპერირებდნენ 2035 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებამდე.