ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი გახარიას პარტიიდან ელეონორა არჩაია ქუთაისში რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობას ითხოვს.
მისი თქმით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, რიონის სარკინიგზო სადგური ერთადერთია, რომელიც ქუთაისს საქართველოს ცენტრალურ სარკინიგზო სისტემასთან აკავშირებს.
"მას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ლოჯისტიკური, სატრანსპორტო და ტურისტული დატვირთვა აქვს. სადგური ყოველდღიურად ასობით ადგილობრივს თუ ტურისტს ემსახურება.
მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგური თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სადგურზე ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს. მიუხედავად ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოებისა, სადგური ისევ გვიანდელ საბჭოთა კავშირს მოგაგონებთ.
ვფიქრობ, აქტიურად უნდა დადგეს ახალი სადგურის მშენებლობის საკითხი, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქი იმსახურებს მაღალი სტანდარტების თანამედროვე და ადაპტირებულ სარკინიგზო სადგურს.
ახალი სადგური არა მარტო მოაწესრიგებს არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, არამედ მეტად მიმზიდველს გახდის ქუთაისს მოგზაურებისთვის და გაამარტივებს საქალაქთაშორისო მგზავრობას ქუთაისსა და დანარჩენ საქართველოს შორის.
ვაპირებ, აქტიურად დავაყენო ახალი სადგურის მშენებლობის საკითხი ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით და თქვენი მხარდაჭერით ქუთაისი მიიღებს მის შესაფერის სარკინიგზო სადგურს!,"-ამბობს ელეონორა არჩაია.