შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს მუზეუმის თანამშრომლის, ზურაბ ბრაგვაძის, გარდაცვალების გამო.
"ზურაბ ბრაგვაძე იყო არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; იყო არქეოლოგიური ექსპედიციებისა და არქეოლოგიური გამოფენების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი მუზეუმში მიიწვიეს და განვლო გზა რიგითი თანამშრომლიდან საირხის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელამდე. ამავე დროს, ხელმძღვანელობდა ხელოვნების მუზეუმის წინაქრისტიანული ხანის ხელოვნებისა და არქეოლოგიის განყოფილებას. მისი რედაქტორობით გამოიცა მუზეუმის ჟურნალი "არქეოლოგია".
სამუზეუმო მუშაობის პარალელურად, ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. მისი ავტორობით გამოცემულ მრავალ შრომათაგან გამორჩეულია სტუდენტებისათვის შექმნილი სახელმძღვანელო „არქეოლოგია“,-ნათქვამია განცხადებაში.