შრომამისჯილ პირებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან.
პრობაციონერები, განრიდებული პირები და ყოფილი პატიმრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოებზე იმუშავებენ.
სააგენტოს ბენეფიციარები მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვასილ გველესიანმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე.
გასულ წელს, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ქობულეთის მერიებთან, რაც ბენეფიციართა დასაქმებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.