TOPNEWS » რა გეგმები აქვს ზესტაფონში გახსნილ “ჯორჯია მეტალს”?

რა გეგმები აქვს ზესტაფონში გახსნილ “ჯორჯია მეტალს”?

---
რა გეგმები აქვს ზესტაფონში გახსნილ “ჯორჯია მეტალს”?

მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში, „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქარხნის მასშტაბი შთამბეჭდავია და წლიური წარმადობა - 400 000 ტონა არმატურა - მას ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად აქცევს.

„კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია: შემდეგი ეტაპის - ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხანა თავად აწარმოებს ნედლეულს და სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ნიშნავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 400-ზე მეტი ადამიანიდან 90% ადგილობრივია, გაფართოების შემდეგ კი, დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება. 

პრემიერმა კომპანიის დამფუძნებლებს - ავთანდილ კოჩაძეს და ზურაბ ღიბრაძეს პროექტის განხორციელებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის ფინანსურ პარტნიორს - „საქართველოს ბანკს“ და მის გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძეს.

„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი - ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული, თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის და ინდუსტრიული წარმოების განვითარებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალური ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი მეტალურგიული ქარხანა დაათვალიერა და საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის დამფუძნებლებისგან მიიღო.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu