ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საზოგადოებას 2023 წლის 1 -ლი იანვრიდან 30 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
"ლადო ჯურხაძემ შეკრებილ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივ ბიუჯეტსა და მის შესრულებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ადგილობრივ ეკონომიკასა და საანგარიშო პერიოდში მოზიდულ ინვესტიციებზე, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, საგრანტო პროექტებზე, მმართველობის სფეროში დანერგილ სიახლეებზე, ჩართულობის მექანიზმების ამოქმედებაზე, კომუნალურ, წყალარინებისა და სამელიორაციო საკითხებზე, განათლებაზე, კულტურასა და სპორტზე, ისაუბრა გამოწვევებსა და პრობლემებზე,"-აცხადებენ ხონის მერიაში.
"თითოეული თქვენგანი ხედავს რა სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა წელს მუნიციპალიტეტში. გარდა იმისა, რომ განახლდა ცენტრალური ბულვარი, შეიცვალა ქალაქის იერსახე, გზები დაიგო სოფლებში, განახლდა სასკოლო ინფრასტრუქტურა, განხორციელდა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, აღდგა ხიდები, დამეწყრილი გზები, დაზიანებული სახურავები, სოფლებში განახლდა, აშენდა და კეთილმოეწყო სკვერები, სასპორტო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ხონი-ახალბედისეული-ძეძილეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება და ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება.
გვაქვს ცვლილებები სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა მოწყვლადი ჯგუფი და დროულად და ეფექტურად დავეხმაროთ.
უპრეცედენტოდ ბევრი და ხარისხიანი კულტურული და სპორტული აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა, რათა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეგვექმნა მიმზიდველი გარემო.
ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისაც კი განვითარების პროცესში ჩვენი დახმარება შეუძლია. ვფიქრობ, ეს ძალისხმევა სასიკეთოდ აისახება თითოეული ხონელის ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე,"- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მერის ანგარიშის წარდგენას ადგილობრივი მოსახლეობა, პედაგოგები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები, დაინტერესებული ხონელები ესწრებოდნენ.