რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ხარაგაულში მიმდინარე წელს 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით 28 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერები უკვე დასრულდა და სამუშაოები თითქმის ყველა სოფელში აქტიურ ფაზაშია.
დასრულების ეტაპზეა თეთრაწყაროში სპორტული მინი მოედნის მშენებლობა. ასევე. უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია.
როგორც მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე აღნიშნავს, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
"აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, აქტიურად არიან ჩართულნი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელების პროცესში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ ხარაგაული საქართველოს მასშტაბით მოწინავე მუნიციპალიტეტია,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.