იმერეთის გუბერნატორმა მერებთან გასვლითი სხდომა საჩხერეში გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა საჩხერეში გამართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს. ასევე იმსჯელეს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასკოლო ფორმებით მოსწავლეთა უზრუნველყოფის საკითხებზე.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული მოადგილე, ბესიკ გოფოძესთან, საჩხერის მერ, ლევან ივანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჩხერეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
დაათვალიერეს მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, ასევე მერაბ კოსტავას, მუხრან მაჭავარიანისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები და მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 4 214 741 ლარს შეადგენს.





