გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში მდებარე საწარმო დაათვალიერა.
„იწის მარანი“ წელს 20 ტონამდე ალექსანდროულ-მუჯურეთულის გადამუშავებას გეგმავს, საიდანაც 98%-ს მოსახლეობისგან შეისყიდის, დანარჩენი ყურძენი კი საკუთარი ვენახებიდან მოწეული იქნება.
„კერძო კომპანიები აქტიურად არიან ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესში ჩართული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საწარმო საჭიროების შემთხვევაში არის მზად ჩართულობისთვის და ისევე, როგორც კახეთში, რაჭაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რთველი ჩაივლის წარმატებით“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
„აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს რთველის პროცესი რაჭაში. წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ნაადრევად მოგვიწია რთველის პროცესის ამ ეტაპისთვის 500 ტონამდე ყურძენია დაბინავებული. მთავრობის მხარდაჭერით მევენახეების წახალისების მიზნით, მიმდინარეობს სუბსიდირების პროგრამა. ასევე, მიმდინარეობს კონტროლი, რომ სხვა მუნიციპალიტეტიდან არ შემოვიდეს განსხვავებული ჯიშის ყურძენი. მობილიზებულია შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს. მოლოდინები არის კარგი. დაახლოებით 2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით”, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.
ღვინის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო „იწის მარანი“ 2019 წელს, სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში ჯამში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 600,000 ლარს შეადგენს, შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 390,000 ლარია, საწარმოს წარმადობა კი 80 ტონაა. კომპანია ღვინის რეალიზაციას ბრენდით „ბიმბილი“ ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტს ახორციელებს ამერიკის შეერთხებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში. მიმდინარე თვეში, ჩინურ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კი, საექსპორტო ქვეყნების სიას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც დაემატა.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის, ასევე მოსავლის სრულად და დროულად დაბინევებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.