გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 წლიანი ლიცენზია-აღნიშნული მოთხოვნით მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები 25-ე დღეა რაჭაში აქციას მართავენ.
მათი თქმით, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 წლიანი ლიცენზია გაცემულია უპრეცენდენტოდ დიდ ტერიტორიაზე - 104 712 ჰექტარზე, რაც სრულად მოიცავს რაჭის ტყის მასივებს, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში შემავალი სოფლების ირგვლივ არსებულ ტყეებს, სამეურნეო მიწებს, საძოვრებსა და მდინარეებს. ხოლო ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება მალულად, მოსახლეობის ყოველგვარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე მოხდა.
გასულ კვირას აქციის მონაწილეებისა და ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრა იგეგმებოდა, რაც არ შედგა. პროტესტის მონაწილეები შეხვედრის პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვდნენ, რაც მეორე მხარემ არ დააკმაყოფილა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ შეხვედრის ჩაწერა და მოგვიანებით გავრცელება შესთავაზეს.
პროტესტის მონაწილეები ახალი შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვენ. აღნიშნული მიზნით ისინი რაჭის გუბერნატორს შეხვდნენ.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, იმის გამო, რომ რაჭაში აცივდა და აქციის მონაწილეები ღამეს კარვებში ათევენ, მათ ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნა.