გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 წლიანი ლიცენზია-აღნიშნული მოთხოვნით "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქციებს მართავს.
"სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 წლიანი ლიცენზია გაცემულია უპრეცენდენტოდ დიდ ტერიტორიაზე - 104 712 ჰექტარზე, რაც სრულად მოიცავს რაჭის ტყის მასივებს, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში შემავალი სოფლების ირგვლივ არსებულ ტყეებს, სამეურნეო მიწებს, საძოვრებსა და მდინარეებს. ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება მალულად, მოსახლეობის ყოველგვარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე მიიღეს. თითქმის მთელი რეგიონი, უზარმაზარი ტყის მასივებით, სასარგებლო წიაღისეულითა და წყლის რესურსებით ერთი კერძო პირის მფლობელობაში გადავიდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სრულად შეეზღუდა ტყეებსა და საარსებო გარემოზე წვდომა.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის შვილობილი კომპანიაა, რომელიც უკავშირდება რუსეთის მმართველ ძალებთან დაახლოებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს. არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით და იმ გარემოების ფონზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაში შედის სასაზღვრო ზოლთან მდებარე ტერიტორიები, ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.
რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც შეიქმნა სწორედ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ 49 წლიანი ლიცენზიის გაცემის შემდეგ, არ მოიცავს რაჭის ძირითად ტყის მასივებს და მდინარეებს, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი შედის აღნიშნული ლიცენზის ტერიტორიაში. სწორედ ამის გამო, ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიის ის მცირე ნაწილი, რომელიც მოიცავს ტყეებს, გადის მთიანი რაჭის მოსახლეობის საარსებო გარემოზე - საძოვრებზე, ყანებზე, მამაპაპისეულ მიწებზე და სხვა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს ტყეებზე წვდომას და ართმევს არსებობის შესაძლებლობას. ვინაიდან დაცული ტერიტორიის შექმნის გადაწყვეტილებისა და საზღვრების განხილვა შეუძლებელია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ ტყეების გადაცემის ზემოთხსენებული გადაწყვეტილების გარეშე, მისი დაგეგმვა უნდა მოხდეს მხოლოდ აღნიშნული ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, მოსახლეობის თანხმობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.