ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162-ე თეატრალური სეზონი პრემიერით, ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დაფდაფები ღამით" გაიხსნა. პრემიერას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და თეატრმცოდნეები ესწრებოდნენ.
სპექტაკლი „დაფდაფები ღამით" საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება და კოპროდუქციას წარმოადგენს. მასში მონაწილეობს სამი თეატრის შემოქმედებითი დასი: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი მონაწილეობს.
სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია, მუსიკალური ხელმძღვანელი - დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, მხატვარი - თეო კუხიანიძე, რეჟისორის ასისტენტი - ეკა სირაძე.
მონაწილე მსახიობები: მარიკა სამანიშვილი, ნინო ჭოლაძე, დავით როინიშვილი, აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, გელა ებანოიძე, დავით გაჩეჩილაძე, იოანე იმედაძე, ნანა ოქროიანი, თამთა გაბუნია, ნანცო ცხვირაშვილი.
მასიურ სცენებში: მანუჩარ ბეგალიშვილი, გიორგი ქართველიშვილი, თინათინ ნემსაძე, ნინო შეყლაშვილი, ზაზა იოსებაშვილი, თეა გეგეჭკორი, ავთო ჩიქვილაძე, სალომე დოხნაძე.
ბერტოლტ ბრეხტის „ დაფდაფები ღამით „ ავტორის ყველაზე ადრინდელი პიესაა. სიუჟეტი ომის დროს გამდიდრებულ ოჯახისა და ომის მსხვერპლ, ვეტერან რიგით მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ფონზე ვითარდება. ავტორი გვიჩვენებს ომის ცუდ და უფრო ცუდ მხარეებს. იმას, რომ აქ გამარჯვებული არავინაა; იმას, რომ ომის ტრაგედია პირად ტრაგედიად იქცევა და პირიქით.
სპექტაკლში გამოყენებულია კომპოზიტორების: რ.ვაგნერის, კ.ჯ. ალფორდის, ჯ.გერშვინის, ჯ.კერნის, კ.მ.ვებერის, კ.დელიბის, ფ.მენდელსონის, რ.შუმანის ნაწარმოებები.
რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა, სპექტაკლზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. თუმცა, კოვიდრეგულაციების გამო, სარეპეტიციო პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა.