შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე დასაქმებული მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედა თეონა ჩუბინიძე დამსაქმებლის მიერ უკანონოდ ორჯერ იყო დისციპლინირებული.
2023 წლის 29 მარტს დამსაქმებელმა მას წერილობითი საყვედური გამოუცხადა, თითქოს, ცვლა გრაფიკით დადგენილ დროზე ადრე შეწყვიტა.
მანამდე, 18 მარტს, თეონა ჩუბინიძემ მიიღო შეტყობინება, რომ 17 მარტს მომხდარი ფაქტის გამო, მის მიმართ დისციპლინური მოკვლევაა დაწყებული. იმავე დღეს, დასაქმებულმა კომპანიას გაუგზავნა ახსნა-განმარტება, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენას გამორიცხავდა. სამუშაო დრო, რომლის შეუსრულებლობასაც დამსაქმებელი თეონას ედავებოდა, არ იყო ასახული სამუშაო დროის განრიგის პროგრამაში მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დროის დამატების შესახებ თეონა ჩუბინიძეს მისმა უშუალო ხელმძღვანელმა საერთო საკომუნიკაციო არხის მეშვეობით კომენტარების ველში მიწერა.
ახსნა-განმარტებაში თეონა ჩუბინიძემ, აგრეთვე, მიუთითა, რომ მუშაობის 15 თვის განმავლობაში, ერთხელაც არ დაუგვიანია სამსახურში; რომ კომპანიას საჭიროების შემთხვევაში ბევრჯერ დახმარებია დამატებითი სამუშაო დროის აღებით და საყვედურს არ იმსახურებდა.
"დამსაქმებელმა არცერთი გარემოება გაითვალისწინა. გარდა ამისა, 15-დან 21 მაისის ჩათვლით, თეონა ჩუბინიძემ დამსაქმებლის მხრიდან დადასტურებული შვებულებით ისარგებლა. ამის მიუხედავად, კომპანიამ 09 ივნისს თეონას გამოუცხადა მეორე საყვედური, თვის განმავლობაში კომპანიის მიერ დადგენილ მინიმალურ სამუშაო საათებზე – 64 საათზე ნაკლები საათით მუშაობის გამო. საყვედურების გამო დასაქმებულმა დაკარგა ბონუსიც, რაც მისთვის, როგორც მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედისთვის და მისი მცირეწლოვანი შვილის საჭიროებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ, 2023 წლის 22 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება და ბათილად ცნო ორივე დისციპლინური სახდელი. მოსარჩელის მოთხოვნები ეყრდნობოდა სამართლებრივ არგუმენტებს, რომ:
* დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი, დასაქმებულს დააკისროს პასუხისმგებლობა მითითების შეუსრულებლობის გამო, რომელიც არ არის გაგზავნილი შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული საკომუნიკაციო საშუალებებით;
* დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი, შრომის კოდექსისგან განსხვავებულად მოაწესრიგოს სამუშაო დრო. კერძოდ, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მსგავს დაწესებულებაში დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულს შეუთანხმდეს სამუშაო დროზე კვირაში 40 საათის ფარგლებში. ნებისმიერი სხვა შეთანხმება, როგორიცაა თვეში მინიმალური სამუშაო საათების დაწესება, კანონსაწინააღმდეგოა, რადგან შრომის კოდექსი სამუშაო დროის ლიმიტს ადგენს კვირით და დროის არცერთი სხვა მონაკვეთით. აღნიშნულით შესაძლებელი ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების რეალიზება, როგორებიცაა: ზეგანაკვეთური შრომისა და იძულებითი მოცდენის ანაზღაურება.
*
საგულისხმოა, რომ სამუშაო დროისა და ცვლის გრაფიკის ცვლილების შესახებ შეტყობინების საკითხზე ამავე მოსამართლემ პროფკავშირის წევრი ორი სხვა დასაქმებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ, თუმცა, „ევოლუშენ ჯორჯია“ არ ცვლის კანონსაწინააღმდეგო სახელშეკრულებო პირობებს, შიდა აქტებსა და პრაქტიკას. პროფკავშირი როგორც კოლექტიური, ისე ინდივიდუალური შრომითი დავების პირობებში აგრძელებს აქტივობებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულთა შრომის პირობების გასაუმჯობესებლად.
თეონა ჩუბინიძე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის წევრია. მის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს,"-აცხადებენ პროფკავშირებში.