ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მატი ცნობით, სოფლების ნაწილი ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია. სამუშაო პროცესი სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
"ასევე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი. თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 52 სოფელში და კვლავ ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი ვითარება,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.