24 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, ერთი წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მემილიონე მგზავრს, რომელიც ავიაკომპანია WizzAir-ის რეგულარულმა რეისმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან ჩამოიყვანა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
„ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო იყო, როდესაც ჩვენი აეროპორტის მემილიონე მგზავრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბევრი სტატია წაიკითხა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ცნობადობა გერმანიის ტურისტულ ბაზარზე იზრდება,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა საქართველოს სიდიდით რიგით მეორე აეროპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აეროპორტში დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც ქუთაისში აშენდება 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. ახალი ბილიკი ქუთაისის აეროპორტს მისცემს შესაძლებლობას, ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს და გაზარდოს მგზავრთა გამტარუნარიანობა.
„ჩვენ ასევე ვახორციელებთ სატერმინალო სამუშაოებს, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურება როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქუთაისის აეროპორტით სარგებლობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებთან. როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ისტორიული რეისის თითოეულმა მგზავრმა ტერმინალში შემოსვლისას სპეციალური კონტენტით შექმნილი ეკრანების გვირაბი გაიარა, სადაც მათ მოისმინეს ინფორმაცია როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული რეისის მნიშვნელობის, ასევე საქართველოს, იმერეთის რეგიონის სტუმარმასპინძლობის შესახებ. მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცა.